14 და 15 ნოემბერს, შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში დიდ სცენაზე "გურჯი-ხათუნი"-ს პრემიერა გაიმართება.
მარიამ ალექსიძის ახალი საბალეტო დადგმის იდეა, დათო ტურაშვილის ისტორიულ რომანთან არის დაკავშირებული, რომელიც თამარ მეფის შვილიშვილს, გურჯი-ხათუნს ეძღვნება. დათო ტურაშვილის მიერ ბალეტისათვის დაწერილ ლიბრეტოს მიხედვით ისრაელში მოღვაწე სახელოვანმა ქართველმა კომპოზიტორმა იოსებ ბარდანაშვილმა ორიგინალური მუსიკალური ვერსია შექმნა, მხატვრობა კი ანა კალატოზიშვილს ეკუთვნის.
სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ზ.ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის ბალეტის მსახიობები.
გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდის სახელით თანამედროვე საბალეტო წარმოდგენები 2011 წლიდან ხორციელდება. ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის მიერ დადგმულ სპექტაკლებს ახალი ბალეტი "გურჯი-ხათუნი" შეემატება.
სპექტაკლი დაიდგა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.