დღეს გახდება ცნობილი მიიღებს თუ არა წარმოებაში სააპელაციო სასამართლო საიდუმლო შესყიდვების საქმეზე დაკავებული თავდაცვის სამინისტროს მაღლჩინოსნების ადვოკატების სარჩელს, რომლებიც დაკავებულთათვის 2 თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
ადვოკატები, აღკვეთის ღონისძიებების სახით, პატიმრობის გაუქმებასა და ალტერნატივის სახით, გირაოს - 10 000 ლარის გამოყენებას ითხოვენ.
დაცვის მხარის განცხადებით, აღკვეთის ღონისძიება უსაფუძვლოა და საქმეში არანაირი დასაბუთება არ არსებობს.
დაცვის მხარეს საქმის მასალები ამ დრომ არ გადასცემია. დაკავებულები ბრალდებას არ აღიარებენ.
შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიებად, 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულებს, გამოძიება სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვის ედავება.
გამოძიების ინფორმაციით, 2013 წელს, თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის მიმდინარეობისას, უპირატესობის „სილქნეტის" მიენიჭა. პროკურატურის განცხადებით, ხელშეკრულებით თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტს" უნდა გადაუხადოს ჯამში 6 720 877.42 ლარი, საიდანაც წინასწარ (ავანსად) გადარიცხულია უკვე 6 480 877.42 ლარი, სანაცვლოდ კი თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტისგან" 2015 წლის 16 იანვარს უნდა მიიღოს ქონება და მომსახურება, რომლის რეალური საბაზრო ღირებულება ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად შეადგენს მხოლოდ 2 618 004.82 ლარს.
თავდაცვის სამინისტრო ინიციატივით გამოდის, საზოგადოების მაღალი ინტერსის გათვალისწინებით, აღნიშნულ შესყიდვას გრიფი მოეხსნას, რათა პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. გრიფის მოოხსნას ითხოვს ასევე, დაცვის მხარეც.