ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ეროვნებით ჩეჩენმა რუსეთის ორმა მოქალაქემ ცოტა ხნის წინ დატოვა. აეროპორტში დაკავებული მოქალაქეები მოსკოვში, ქუთაისი-მოსკოვის რეისით დაბრუნდნენ. ბილეთები მათ კომპანიამ შეუძინა.
სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, აღნიშნულ მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი იმ მიზეზით ეთქვათ, რომ მათ მესაზღვრეების კითხვებს ვერ უპასუხეს. თავად დაკავებულები კი აცხადებდნენ, რომ კითხვებზე პასუხები არ ჰქონდათ.
აეროპორტში დაკავებული რუსეთის მოქალაქეების საქმის შესწავლაში სახალხო დამცველის აპარატი ჩაერთო. ომბუდსმენის რწმუნებულის მადონა ბასილაძის განცხადებით, საქმის შესწავლის დასრულების შემდეგ, სახალხო დამცველი თემაზე კომენტარს თავად გააკეთებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია "კავკასიური სახლის" ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაკავებული ერთ-ერთი ჩეჩნური ახალგაზრდული არსამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ჩეჩენი ეროვნების ბეკჰან გელგოევი, ქუთაისში ბუდაპეშტიდან ჩავიდა. ის აპირებდა თბილისში გაჩერებას და შემდეგ გროზნოში გამგზავრებას.
მასალის გამოყენების პირობები