ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი იმერეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას ხვდება. ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში 24 დევნილი ოჯახი ცხოვრობს.
დევნილები აღნიშნულ ობიექტში საცხოვრებლად სხვადასხვა სასტუმროებიდან გადმოვიდნენ. ისინი სრულად რეაბილიტირებულ შენობაში შესახლდნენ და აღნიშნული ფართები მათი საკუთრება იქნება. ეს ინფორმაცია დევნილებს თავად მინისტრმა მიაწოდა.
კობა სუბელიანი, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი: „ხედავთ, რომ ეს ობიექტი სრულად რეაბილიტირებულია. დამონტაჟდა ელექტროენერგიის ინდივიდუალური მრიცხველები, შეიცვალა სახურავი, გაკეთდა მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები, სველ წერტილებში დაიგო მეტლახი და რაც მთავარია, ეს ობიექტი დევნილებს საკუთრებაში გადაეცემათ. სრულდება პრეზიდენტის სიტყვა, რომ ყველა დევნილი აფხაზეთში დაბრუნებამდე ღირსეულ პირობებში უნდა ცხოვრობდეს. ასე მანამ გაგრძელდება, სანამ ყველა დევნილი ღირსეულად არ იცხოვრებს."
დევნილები აცხადებენ, რომ ადრინდელ პირობებთან შედარებით ახლანდელი მდგომარეობის შედარება არც შეიძლება: „ჩვენ სასტუმრო „თბილისში" ერთ ოთახში ვცხოვრობდით. ძალიან ვიწროდ ვიყავით, ვერ ვეტეოდით და არც სხვა პირობები გვქონდა ძალიან გვიჭირდა. აქაური მდგომარეობით კმაყოფილები ვართ. მეტი ფართი მოგვცეს თან ძალინ კარგი რემონტით. დაგვპირდნენ, რომ ბუნებრივი აირის გაყვანაშიც დაგვეხმარებიან. უმადური უნდა იყო, რომ ეს ვერ დაინახო," -აღნიშნა ადხაზეთიდან დევნილმა ხათუნა შუბითიძემ.
მინისტრი აგრძელებს დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრას და მიმდინარე კვირას კობა სუბელიანი დანარჩენ საცხოვრებელ ობიექტებსაც დაათვალიერებს.