23 ოქტომბერს, 20:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე რიგით მე-17 ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში პირველ კონცერტს დაესწრება. თბილისის ჯაზ-ფესტივალი, ტრადიციულად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.
თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მსმენელის წინაშე საკუთარ ბენდთან ერთად ამერიკელი გიტარისტი ალ დი მეოლა წარდგება - ამავე დღეს მელომანები დომინიკის რესპუბლიკიდან ჩამოსულ პიანისტ მიშელ კამილოსა და მის ტრიოს მოუსმენენ.
23-27 ოქტომბერს თბილისის რიგით მე-17 ჯაზ-ფესტივალში, ტრადიციულად, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები არიან მოწვეულნი: როი ეიერსი, ალ დი მეოლა, დევიდ ფიუზინსკი, სტენლი კლარკ ბენდი, მიშელ კამილოს ტრიო, ენდი შეპარდის კვარტეტი, ჯორჯ მელის კვარტეტი და ანატ კოენის კვარტეტი. უცხოელ ვარსკვლავებთან ერთად ფესტივალში მონაწილეობას იღებენ ქართველი ახალგაზრდა მუსიკოსებიც.
სტენლი კლარკი ახალგაზრდა ქართველ მუსიკოს ბექა გოჩიაშვილთან ერთად, ევრო ტურს საქართველოში, სწორედ ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში იწყებს; დევიდ ფიუზინსკისთან ერთად დაუკრავს პიანისტი გიორგი მიქაძე; ნიუ-იორკიდან სპეციალურად თბილისის ჯაზ-ფესტივალისთვის ჩამოდის ასევე ქართველი ჯაზ-შემსრულებელი გიორგი მელიქიშვილი (George Mel), რომელიც 20 წლის შემდეგ თავის კვარტეტთან ერთად პირველად წარდგება ქართველი მსმენელის წინაშე.
წელს პირველად, ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, თბილისის საკონცერტო დარბაზის ფოიეში იმართება ქართველი მხატვრის, დავით მჭედლიშვილის გამოფენა-გაყიდვა სახელწოდებით "All That Jazz"; დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა (შოთა რუსთაველის გამზირი 11) კი ფრანგი ფოტოგრაფის, კრისტიან როზეს უნიკალური ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს (გამოფენის კურატორები ნინო მეტრეველი და შალვა ხახანაშვილი). მის ფოტოობიექტივში მოხვდნენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან: ნინა სიმონე, მაილს დევისი, ბობ მარლი, ჩარლი მინგუსი, ელა ფიჯერალდი, ჯეიმს ბრაუნი და სხვა.
მასალის გამოყენების პირობები