საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სააღდგომო ეპისტოლეში ყურადღება ორ უპირველეს ქრისტიანულ სათნოებაზე _ პატიმართა შეწევნა და სნეულთა მიხედვაზე შეაჩერა და ხელისუფლებას მათი უფლებების დაცვის თხოვნით მიმართა.
"ხელისუფლებას კი ვთხოვ, შექმნან ისეთი სისტემა, სადაც უფრო მეტად იქნება დაცული პატიმართა და სნეულთა უფლებები. ვფიქრობ, სასწრაფო და გადაუდებელი მკურნალობა უნდა დაფინანსდეს სახელმწიფოს მიერ, რომ ადამიანი უსახსრობის გამო არ გარდაიცვალოს და ექიმებსაც და სახელმწიფოსაც ღვთის წინაშე მორალური პასუხისმგებლობა ამაზე არ დაეკისროს. ამასთან, კარგი იქნება თუ სადაზღვევო_სამედიცინო სისტემაზე გადასვლის პროცედურასთან დაკავშირებით საზოგადოების ფართო მასები უფრო მეტად იქნებიან ინფორმირებულნი (განსაკუთრებით სოფლებში მცხოვრებნი), რათა მათ სრულად ისარგებლონ ამ სიახლით", _ ნათქვამია კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში
პატრიარქი ძალიან მნიშვნელოვანს უწოდებს პატიმრების თემას.
"მათ შორის ბევრია გაჭირვების გამო შედარებით მცირე დანაშაულის ჩამდენი, ზოგიერთი კი შემთხვევით ან სხვისი მიზეზით იმყოფება ციხეში. მიმაჩნია, რომ ასეთი კატეგორიის პატიმრები განსხვავებულ მიდგომას საჭიროებენ და მათი გათავისუფლება ან მიმაგრების ადგილებზე გადაყვანის პროცესი უნდა დაჩქარდეს", - აცხადებს პატრიარქი ეპისტოლეში.
პატრიაქი მიიჩბნევს, რომ ცალკე კატეგორიად უნდა გამოიყოს ავადმყოფი პატიმრებიც, განსაკუთრებით ტუბერკულოზით დასნეულებულნი; მათ ინტენსიური მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ.
"საერთოდ, ციხეში მყოფთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება მეუღლესთან ცალკე შეხვედრის შესაძლებლობის მიცემა. დღეს არსებული იზოლაცია, ერთი მხრივ, მიზეზი ხდება ოჯახების დანგრევისა, მეორე მხრივ, კი პატიმარში არაჯანსაღი ფსიქიკური პროცესების განვითარებისა.
ადამიანისათვის სასჯელად ისიც კმარა, რომ მას თავისუფლება აქვს აღკვეთილი; სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ იგი გამოსწორებული, სულიერად და ფიზიკურად ჯანმრთელი დაუბრუნდეს საზოგადოებას", _ ნათქვამია კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში.