დღეს, 5 აპრილს, ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო. აღდგომის დღესასწაული ერთი კვირის მანძილზე გრძელდება. მისი თითოეული დღე განსაკუთრებული მადლითაა აღსავსე.
ტრადიციულად ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მართლმადიდებლები ვიხსენებთ მიცვალებულებს იხსენიებენ.
მოხსენიება ხდება არა იმიტომ, რომ "განშორება ვიგლოვოთ, არამედ იმიტომ, რომ ვახაროთ მათ, "ქრისტე აღსდგა! თავისი სიკვდილით დათრგუნა სიკვდილი და საფლავებსა შინა სიცოცხლე მიანიჭა!"
თუ ადამიანს სწამს ღმერთი, სწამს, რომ ის აღდგა და სიკვდილი განაქარვა, მისთვის ამ სადღესასწაულო დღეებში მიცვალებულის დატირება და გლოვა დიდი ცოდვაა.
განშორების მწუხარება ამ დღეს მეტად თავშეკავებულად უნდა გამოიხატოს, რამეთუ მას ცვლის დიდი სულიერი სიხარული და განცდა კვლავ შეხვედრის უეჭველობისა.
ბრწყინვალე შვიდეულში ყველა საეკლესიო წესს განსაკუთრებული ელფერი აქვს; წირვა-ლოცვა მხოლოდ ამ კვირისათვის დამახასიათებელი რიგით სრულდება, განსხვავებულია მიცვალებულის წესის აგება, ცვლილებაა ყოველდღიურ ლოცვებშიც: დაწყებით ლოცვებში სულიწმიდის მოწვევის ლოცვა "მეუფეო ზეცათაო..." სულთმოფენობამდე აღარ ითქმება. მის ნაცვლად სამჯერ ითქმის: "ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი".
ამ კვირაში ზიარებისათვის მომზადებაც შემსუბუქებულია: მარხვის დაცვა არაა საჭირო, ხორცის მიღება თვით ზიარების წინა დღესაც კი შეიძლება. იცვლება მისალმების წესიც: აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტიანები შეხვედრისას "გამარჯობის" ნაცვლედ ერთმანეთს ახარებენ: "ქრისტე აღსდგა!" - "ჭეშმარიტად!", "ჭეშმარიტად აღსდგა!", "ჭეშმარიტად აღსდგა ქრისტე".