მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნისა და დასაფლავებისადმი მიძღვნილი რიტუალი ტაძრებში უკვე დასრულდა.
გარდამოხსნის რიტუალი ყველა ეკლესიაში 14:00 საათზე აღევლინა, რადგან იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა.
მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი - "საფლავი" გაკეთდა, საკურთხეველში კი, წმინდა ტრაპეზზე საგანგებოდ მოხატული დიდი ქსოვილი დააბრძანეს, რომელზედაც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია ამოქარგული. ამის შემდეგ, სამღვდელოებამ და მლოცველებმა მის წინაშე დიდი მეტანია შეასრულეს და მას ეამბორნენ.
ქსოვილი ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში დარჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამ დღეს იყო საფლავში.
საგალობლები, რომლებიც დღეს შესრულდა, იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს.
შეგახსენებთ, რომ დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ შესრულებულა, რადგან ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად თავად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი შესრულდა, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება წაიკითხეს.
მასალის გამოყენების პირობები