19 ოქტომბერს, 16:00 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ანდრია ბალანჩივაძის სახელობის საერთაშორისო ფონდი წარმოგიდგენთ გამოფენას „ბალანჩივაძეები".
პროექტი მიზნად ისახავს, საზოგადოებას გააცნოს ქართული მუსიკალური კულტურის ფუძემდებლის, მელიტონ ბალანჩივაძის შვილების თამარ, გიორგი და ანდრია ბალანჩივაძეების მხატვრობა.
მათი ცხოვრება და მოღვაწეობა რთული ისტორიული გარემოებების გამო სხვადასხვა ქვეყნებში განვითარდა. გამოფენა ეძღვნება ამ ოჯახის ერთ-ერთი წევრის, მსოფლიოში სახელგანთქმული ქორეოგრაფის, ამერიკული ბალეტის ფუძემდებლის, ჯორჯ ბალანჩინის დაბადებიდან 110 წლისთავს.
გამოფენა ,,ბალანჩივაძეები" ამ ოჯახის სხვადასხვა სფეროსა და ქვეყანაში მოღვაწე ხელოვანების ერთ სივრცეში თავმოყრას, მათი ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ ფოტო-დოკუმენტურ და მხატვრულ ნაწარმოებებთა პრეზენტაციას გეგმავს.
პროექტში ჩართულები არიან ა.ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი, მუსიკალური საზოგადოება, ამერიკის საელჩო, ქალაქ თბილისის მერია და საქართველოს მხატვართა კავშირი.
მისამართი:
ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, რუსთაველის გამზირი 3.