საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მუცოს 5 წლიანი სარეაბილიტაციო პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. მუცოს გადარჩენის პირველი ეტაპის გადაუდებელი სამუშაოები დასრულებულია. ხევსურეთში მოსალოდნელი მკაცრი კლიმატური პირობების წინაშე არსებულ რამდენიმე ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ციხე-სახლს განადგურების საფრთხე აღარ ემუქრება.
2014 წელს გათვალისწინებული ძეგლზე განხორციელებული სამუშაოები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ მოინახულეს.
მუცოს აღდგენისა და კონსერვაციის პროექტი 2015 წლის გაზაფხულზე გაგრძელდება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მუცოს გადარჩენის პროგრამის ფარგლებში დაწყებულ სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მკაცრი ზედამხედველობის მონიტორინგით ახორციელებს.
მუცოს გადარჩენა ძეგლის მდებარეობის, სტრუქტურისა და რეგიონის კლიმატური პირობების გათვალისწინებით, მაღალმთიანი რეგიონის ერთ-ერთი რთული, მასშტაბური და გრძელვადიანი პროცესია. შუა საუკუნეების არქიტექტურული კომპლექსის დაცვას ხევსურები და სამეცნიერო საზოგადოება წლებია ითხოვს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მუცოს 5 წლიანი სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო.
მუცოში ამ დროისთვის დამონტაჟებულია 70 მეტრიანი ბაგირი, რომელიც ურთულეს სარეაბილიტაციო ობიექტზე - სალ კლდეზე დაფუძნებული განაშენიანების ყველაზე მაღალ წერტილში უზრუნველყოფს სამშენებლო მასალის აზიდვას.
პროექტს ახორციელებს კომპანია „არქიტექსის" არქიტექტორ-რესტავრატორი შალვა მელიქიძე და მისი სამუშაო ჯგუფი, 2008 წელს სახელმწიფო დაკვეთით მომზადებულ საპროექტო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით (ავტ. არქიტექტორ-რესტავრატორი სოსო ბანძელაძე). პროექტში მონაწილე მთავარი მშენებლები ხევსურები -დაიაურები და შეთიკაურების თემის წარმომადგენლები არიან, რომლებიც საკუთარი ხელით ამაგრებენ წინაპრების მიერ აშენებულ კომპლექსს.
მუცოს გადარჩენის პარალელურად, პროექტის ფარგლებში უკვე დაგეგმილია შეიქმნას და ამოქმედდეს მუცოს მუზეუმ-ნაკრძალი, რომელიც ქვეყნის განახლებული მუზეუმ-ნაკრძალების მსგავსად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ სისტემაში გაერთიანდება. მუცოს მუზეუმ-ნაკრძალი ხევსურეთის სიძველეების პოპულარიზაციას და რეგიონის ძეგლთა ინვენტარიზაციისა და მონიტორინგის უზრუნველყოფის გარანტი იქნება.