ბუდაპეშტში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 16 ოქტომბერს მოცარტის ოპერით „მითრიდატე - პონტოს მეფე" წარსდგება. სპექტაკლი უნგრეთის ნაციონალური ოპერის თეატრში გაიმართება, რომელიც 2000 მაყურებელს იტევს. სპექტაკლში მონაწილეობენ: ირინე თაბორიძე, თათია ჯიბლაძე, სალომე ჯიქია, ირაკლი მურჯიკნელი, ნინო ჩაჩუა, სებასტიან ობრეხტი, ბორამ ლი. სებასტიან ობრეხტი (საფრანგეთი) და ბორამ ლი (კორეა) კონკურსის შედეგად შეირჩნენ და ფესტივალის პირობების თანახმად თავდაპირველად თბილისელი მაყურებლების წინაშე 1 ოქტომბერს წარსდგნენ.
Pannon Philharmonic-ის ორკესტრს დავით კინწურაშვილი უდირიჟორებს.
დამდგმელი რეჟისორია - დავით საყვარელიძე, მხატვარი - ნინა კობიაშვილი.]
9-17 ოქტომბერს ბუდაპეშტში (უნგრეთი) არმელის საერთაშორისო საოპერო მუსიკის ფესტივალი გაიმართება. ეს ფესტივალი ყოველწლიურად ხუთი სხვადასხვა ქვეყნის საოპერო თეატრს ხუთი ახალი დადგმით მასპინძლობს. ძირითადი აქცენტი თანამედროვე და იშვიათად შესრულებულ ნაწარმოებებზე კეთდება.
წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობენ: Neue Oper Wien (ავსტრია), Josef Kajetan Tyl Theatre (ჩეხეთი), Theatre Orch Bienne Soleure (შვეიცარია), Szeged National Theatre (უნგრეთი) და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი.
არმელის საერთაშორისო საოპერო მუსიკის ფესტივალს გააშუქებენ ისეთი ცნობილი საერთაშორისო მედია საშუალებები როგორებიცაა: Mezzo, Arte, Fidelio, Observer, Duna. სპექტაკლი Arte-ს პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
მასალის გამოყენების პირობები