ჰამბურგის ციხის საავადმყოფოში გარდაცვლილი 25 წლის დავით მარდიანის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს.
სპეციალური თვითმფრინავი, რითაც ცხედრის გერმანიიდან გადმოსვენება მოხდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გვიან ღამით დაეშვა. მას მარდიანის ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.
დავით მარდიანი გერმანიაში პოლონეთიდან არალეგალურად გადავიდა, რის შემდეგაც იგი გერმანელმა სამართალდამცველებმა დააკავეს. მარდიანმა ციხეში ყოფნის დროს შიმშილობა გამოაცხადა. 7 მარტს კი ციხის საავადმყოფოს ერთ-ერთ საკანში გარდაცვლილი იპოვეს.
საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მიზეზს ამ დრომდე იძიებენ გერმანელი სამართალდამცველები. საქმეში ჩართულია საქართველოს დიპლომატიური უწყებაც.