15 ოქტომბერს, 12 საათზე ლაგოდეხის რაიონის სოფელ არეშფერნის საჯარო სკოლაში გაიმართება გამოჩენილი ოსი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის კოსტა ხეთაგუროვის 155 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული - "კოსტაობა".
კოსტა ხეთაგუროვის 155 წლის იუბილე აღინიშნება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის და საერთაშორისო ორგანიზაცია „კავკასიური მოზაიკის" ინიციატივით.
"კოსტაობას" დაესწრებიან ქართველი და ოსი საზოგადოების წარმომადგენლები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, მწერლები, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, სტუმრები ვლადიკავკაზიდან, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ლაგოდეხისა და ყვარლის რაიონის ქართული, ოსური და აზერბაიჯანული სკოლების მოსწავლეები და სხვა.
"კოსტაობაზე" ასევე გაიმართება საზეიმო კონცერტი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მონაწილეობით, ივანე მაჩაბლის სახელობის ცხინვალის თეატრი წარმოადგენს კოსტას მხატვრულ ბიოგრაფიას და ნაწყვეტებს პოემიდან „ფატიმა", გაიმართება ჭიდაობა და დოღი. მოეწყობა ქართული და ოსური კულინარიის დეგუსტაცია.