2014 წლის 15 ოქტომბერს სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფის ხელშეწყობით იგეგმება ბოლნისის რაიონში, დაბა კაზრეთში მდებარე, სამთო კომპანიის შპს RMG Gold/სს RMG Copper-ის გარემოსდაცვითი აუდიტის ტექნიკური დავალების საჯარო განხილვა.
აღნიშნული ეკოლოგიური აუდიტის ჩატარება სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფისა და შპს RMG Gold/სს RMG Copper-ის მოლაპარაკების საფუძველზე დაიგეგმა. საერთაშორისო გარემოსდაცვითი კომპანიის შესარჩევად შპს RMG Gold/სს RMG Copper-მა ტექნიკური დავალება მოამზადა.
აღნიშნული აუდიტის მიზანია უზრუნველყოს RMG Gold/RMG Copper-ის ეკოლოგიური მაჩვენებლებისა და მათი საქართველოს გარემოსდაცვით კანონმდებლობასა და საერთაშორისო მოთხოვნებსა და სტანდარტებთან შესაბამისობის დამოუკიდებელი შეფასება.
აუდიტის ჩატარების მისაღები შედეგი იქნება ანგარიში, რომელშიც მოცემული იქნება კომპანიის მიერ სამთო მოპოვებითი საქმიანობის შედეგად გარემოზე მიყენებული უარყოფითი ზეგავლენის ანალიზი და გამოსწორების რეკომენდაციები.
როგორც საერთაშორისო კონკურსის გამოცხადებამდე, ისე ეკოლოგიური აუდიტის მიმდინარეობისას, პროცესების დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სხვა მარეგულირებელ სააგენტოებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა.
შეხვედრა შედგება თბილისში, ლადო ასათიანის ქ. 62 ნომერში, Frontline Georgia-ს ოფისში 11:00-ზე.