დღეს სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში სასკოლო კონკურსი „წიგნის მეგობრები 2014" პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II დაესწრო. პატრიარქმა მოწვეული სტუმრები, პროექტის ორგანიზატორები და კონკურსის მონაწილეები დალოცა და ვრცლად ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე. ამა წლის 25 სექტებმერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიამ ახალგაზრდულ მოძრაობა „დავითიანნთან" მემორანდუმი გააფორმა. კომისიის თავმჯომარის თამარ ტალიაშვილის განცხადებით, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ პროექტი , ინტელექტუალური კონკურსი „წიგნის მეგბრები 2014" მხარდაჭერილი იქნება სწორედ საკრებულოს მხრიდან. ამ კონკურსის შედეგად გაიზრდება წიგნისადმი ინტერესი ახალგაზრდებში, რაც საკრებულოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. „საინფორმაციო საზოგადოების პირობებში შემეცნებისა და ინტელექტის მიმართ გამოწვევა ძალიან მაღალია. ამიტომ მოსწავლე-ახალგაზრდობა მომზადებული უნდა შეხვდეს იმ გამოწვევებს, რომელიც მათ სასწავლებლის დამთავრების შემდეგ შეხვდებათ ამ მათთვის მეტად მნიშვნელოვან ფაზაში. შესაბამისად, ქალაქ თბილისის საკრებულო, განათლებისა და კულტურის კომისია განიხილავს თავისი მონაწილეობის კონკრეტულ მიმართულებებს ამ პროექტთან დაკავშირებით. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ და დავუჭერთ მხარს იმ პროექტებს, რომლებიც ახალგაზრდებში გააღვივებს სწრაფვას წიგნიერებისადმი და ხელს შეუწყობს სოლიდარობის, ჰუმანიზმის, თავისუფლების პრინციპებზე დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობას"- განაცხადა მან. საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის" პრეზიდენტმა კოტე სვანაძემ მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს. „გვინდა მადლიერება გამოვხატოთ თბილისის საკრებულოს მათი მხრიდან გამოხატული ინტერესის გამო. რომ არა ასეთი დაინტერესება და მხარდაჭერა, ჩვენ მასშტაბების გაზრდაზეც კი ვერ ვიფიქრებით."-აღნიშნა მან. საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის" ინტელექტუალური კლუბი „წიგნის მეგობრების" ორგანიზებით კონკურსი უკვე მეორე წელია მიმდინარეობს. პროექტის მიზანია საქართველოს ახალგაზრდა თაობაში წიგნის კითხვისადმი ინტერესის გაზრდა და მათი ინტელექტუარ-ანალიტიკური აზროვნების განვითარების ხელშეწყობა. ამ ეტაპზე კონკურსში მონაწილეობას 16 სკოლა მიიღებს. კონკურსის პრეზენტაციას სხვა სტუმრებთან ერთად განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძეც ესწრებოდნენ. კონკურსის ეტაპები 15 ოქტომბრიდან დაიწყება, გამარჯვებული გუნდები კი 22 დეკემბერს გამოვლინდება
მასალის გამოყენების პირობები