რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს დაავალა, როსტოვის მხარის სამხედრო პოლიგინებზე განთავსებული საჯარისო ნაწილები მუდმივი დისლოკაციის ადგილებში დააბრუნოს.
ამის შესახებ პუტინმა განკარგულება უშიშროების საბჭოს წევრებთან გამართული თათბირის შემდეგ გასცა, - იტყობინება იტარ ტასი.
„მინისტრმა მოახსენა უმაღლეს მთავარსარდალს სამხრეთის სამხედრო ოლქის პოლიგინებზე საზაფხულო წვრთნების დასრულების შესახებ. მოხსენების შედეგების მიხედვით პუტინმა გასცა დავალება ჯარების მუდმივი დისლოკაციის ადგილებში დაბრუნების შესახებ. საუბარია 17.6 ათას სამხედრო მოსამსახურეზე, რომლებიც ზაფხულში სამხედრო სწავლებებს როსტოვის მხარის პოლიგონებზე გადიოდნენ", - განაცხადა პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
ცნობილი ხდება, რომ განკარგულების გაცემამდე პუტინმა უშიშროების საბჭოს წევრებთან გამართა ოპერატიული თათბირი.