დღეს, 2 აპრილს, მართლმადიდებელი ეკლესია დიდ პარასკევს აღნიშნავს. როგორც საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, დიდი პარასკევის მთელი მსახურება მაცხოვრის ჯვარზე ვნების გახსენებას ეძღვნება და უდიდესი მწუხარებით არის განმსჭვალული.
"ცისკრის ჟამნზე თორმეტი ვნების სახარება იკითხება. ამასთან, დღის მსახურების თითოეული ჟამნი ნათლად წარმოაჩენს მაცხოვრის ვნების სხვადასხვა სახეს, გეთსამანიის ბაღში სისხლით განზავებული ოფლით დაწყებული, გოლგოთაზე მისი ჯვარზე აღსრულებით დამთავრებული. თითოეული საგალობელი თუ საკითხავი სინანულის ცრემლითაა აღსავსე, გულის შემძვრელია და ცოდვის შემმუსვრელი, ამავე დროს იმედის ჩამსახველიც", _ აღნიშნავენ საპატრიარქოში.
დიდ პარასკევს, მაცხოვრის ვნებასთან დაკავშირებით, უსისხლო მსხვერპლშეწირვა - წმიდა წირვა არ აღესრულება, ნიშნად იმისა, რომ თვით უფალი იყო უკანასკნელი სისხლიანი მსხვერპლი ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულების აღსრულებისას.
მწუხრის ჟამნის ბოლოს საკურთხევლიდან შუა ტაძარში წმიდა გარდამოხსნას გამოაბრძანებენ, რომელსაც წინდაწინ გამზადებულ ლუსკუმაზე დაასვენებენ.