11 ოქტომბერს, 16:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ლევან ჭოღოშვილისა და დარეჯან ბერეკაშვილის ერთობლივი გამოფენა სახელწოდებით ,,გზაჯვარედინზე" გაიხსნება.
ორი მხატვრის რეტროსპექტული გამოფენა აერთიანებს სხვადასხვა სივრცეებსა და დროს, სადაც წარმოდგენილია ნამუშევრები განსხვავებული კონცეფტუალური და მხატვრული საფუძვლით.
ლევან ჭოღოშვილის ნამუშევრებიდან წარმოდგენილი იქნება საბჭოთა პერიოდში კომუნისტურ იდეოლოგიასთან დაპირისპირებით შექმნილი ორი სერია - ,,ვენერა და მარქსი" და ,,განადგურებული არისტოკრატია". მათი შექმნა კონცეპტუალურად 20 წლის წინ დასრულდა. ავტორის ნამუშევრები პირველად მხოლოდ 1985 წელს გამოიფინა, რადგან იქამდე ბურჟუაზიულ მოდერნიზმად, სოცრეალიზმის საპირისპირო სოციო-კულტურულ ხედვად და ირონიად აღიქმებოდა.
დარეჯან ბერეკაშვილი წარმოშობით ქართველი, საფრანგეთში მოღვაწე, პირველი თაობის ქართველი ემიგრანტის შთამომავლია. გამოფენაზე წარმოდგენილ იქნება მისი ნამუშევრები, რომელთა შექმნაც ავტორმა 20 წლის წინ, საბჭოთა იმპერიის დაშლისა და საზღვრების რღვევის შემდეგ დაიწყო. დარეჯან ბერეკაშვილი ქანდაკებაზე მუშაობს და ქმნის სტილიზებულ, მოგრძო, კენარ პერსონაჟებს. იგი მუშაობს თაბაშირზე, მიწაზე და შემდგომ მათ შორის საუკეთესო ნამუშევარს ბრინჯაოში ასხამს. ავტორის მიერ, უკანასკნელ ოცწლეულში შექმნილ ხელოვნების ნიმუშებს საფუძვლად უდევს მის ისტორიასთან, ქართულ სინამდვილესთან და კულტურასთან სულ უფრო მეტი დაახლოების ძლიერი ნება.
გამოფენა გაგრძელდება 28 ოქტომბრამდე.