ბანკი „რესპუბლიკა" განაგრძობს ფრანგულ-ქართული კულტურული კავშირების გაღრმავებას. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, ქართულ საზოგადოებას საკუთარ შემოქმედებას წარუდგენენ პარიზში მცხოვრები ქართველი მოქანდაკე დარეჯან ბერეკაშვილი და ქართველი მხატვარი ლევან ჭოღოშვილი. გამოფენა სახელწოდებით „გზაჯვარედინზე" შაბათს, 11 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულ გალერეაში დღის 4 საათზე გაიხსნება.
გამოფენა ერთ-ერთია ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის" 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებებიდან, რომლებიც წლის განმავლობაში ჩატარდა. მასზე ერთი მხრივ წარმოდგენილი იქნება მხატვარ ლევან ჭოღოშვილის მიერ ბოლო 20 წლის განმავლობაში შესრულებული ნამუშევრები, მეორე მხრივ კი ფრანგი ქართველი მოქანდაკის, დარეჯან ბერეკაშვილის ბრინჯაოს ქანდაკებები, რომლებიც ბოლო ათწლეულებში პარიზში შეიქმნა. პროექტის ფარგლებში ხელოვანები სტუდენტებისთვის ჩაატარებენ მასტერკლასს.
„ბანკი „რესპუბლიკა" ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის" 150 წლის იუბილეს საქმიანი, საგანმანათლებლო და კულტურული პროექტებით აღნიშნავს. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით ქართული საზოგადოება უკეთ გაეცნობა ამ ორი უაღრესად საინტერესო ხელოვანის შემოქმედებას. ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალისთვის" თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერა დიდი ხნის ტრადიციაა. ჩვენც სიამოვნებით განვაგრძობთ ამ მიმართულებას. იმედი მაქვს, ჩვენი კლიენტები და პარტნიორები ისიამოვნებენ დღევანდელი გამოფენით", - აცხადებს ბანკ „რესპუბლიკის" გენერალური დირექტორი ანტუან გაბიზონი,
„ბანკი „რესპუბლიკა", თავისი სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის ფარგლებში, სიამოვნებით განაგრძობს ფრანგული და ქართული კულტურების დაახლოებაში საკუთარი წვლილის შეტანას. დღეს ჩვენს კლიენტებსა და პარტნიორებს სიამოვნებით წარვუდგენთ დარეჯან ბერეკაშვილის და ლევან ჭოღოშვილის არტისტულ ხედვას. ერთი მათგანი საფრანგეთში ცხოვრობს და მუშაობს, მეორე - საქართველოში. მათი შემოქმედების მთავარი თემა საქართველო, მისი ისტორია და სინამდვილეა. საზოგადოებას ახსოვს ბანკ „რესპუბლიკის" ფრანგულ-ქართული პროექტები: ვერა ფაღავას გამოფენა, დათო ტურაშვილის კინომოთხრობა და ჩუბიკას ექსპოზიცია. იმედია, გამოფენა „გზაჯვარედინი" მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენად იქცევა. ბანკი „რესპუბლიკა" მომავალშიც განაგრძობს საზოგადოებისათვის სასარგებლო პროექტების განხორციელებას", აღნიშნა ბანკ „რესპუბლიკის" კორპორაციული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსმა თეიკო კანდელაკმა.