23 - 27 ოქტომბერს თბილისი რიგით მე-17 ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს. როგორც დღეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, ფესტივალის ორგანიზატორ კომპანია „ისთერნ პრომოუშენთან", "თიბისი ბანკთან" და კულტურის სამინისტროსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, ჯაზ-ფესტივალის თბილისში ჩატარება ბევრი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. მათ შორის, თბილისის მერმა ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში დედაქალაქისადმი ტურისტების გაზრდილ ინტერესს, რაზეც, დავით ნარმანიას თქმით, ვიზიტორების სიმრავლე მეტყველებს. მისივე თქმით, ჯაზ-ფესტივალში არა მხოლოდ მოწვეული უცხოელი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას, არამედ საზღვარგარეთ მოღვაწე წარმატებული ქართველი მუსიკოსებიც.
„მსგავსი ღონისძიებების ხელშეწყობა თბილისს სულ უფრო მეტად აქცევს რეგიონის კულტურულ ცენტრად, რისი ჯანსაღი ამბიციაც ჩვენ გაგვაჩნია და ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის,"-განაცხადა დავით ნარმანიამ.
ჯაზ-ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად თბილისში მოწვეული არიან რიო ეიერსი, ალ დი მეოლა, დევიდ ფიუზინსკი, სტენლი კლარკ ბენდი, მიშელ კამილოს ტრიო, ენდი შეპარდის კვარტეტი, ჯორჯ მელის კვარტეტი და ანატ კოენის კვარტეტი.
სტენლი კლარსი ახალგაზრდა ქართველ მუსიკოს ბექა გოჩიაშვილთან ერთად ევროტურს საქართველოში სწორედ ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში იწყებს. დევიდ ფიუზინსკისთან ერთად დაუკრავს პიანისტი გიორგი მიქაძე. გარდა ამისა, ნიუ იორკიდან სპეციალურად ჯაზ-ფესტივალისთვის ქართველი ჯაზ-შემსრულებელი გიორგი მელიქიშვილი ჩამოვა. 20 წლიანი პაუზის შემდეგ, იგი თავის კვარტეტთან ერთად პირველად წარდგება ქართველი მსმენელის წინაშე.
წელს პირველად, ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში თბილისის საკონცერტო დარბაზის ფოიეში გაიმართება ქართველი მხატვრის, დავით მჭედლიშვილის გამოფენა-გაყიდვა სახელწოდებით „All That Jazz", ეროვნული გალერეა კი ფრანგი ფოტოგრაფის, კრისტიან როზეს უნუკალური ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს.