დღეს, 10 ოქტომბერს, 17:00 საათზე, კულტურის სამინისტროში ჟურნალ „Copyright"-ის მეათე ნომრის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის" თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე, საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე, ასოციაციის წევრები, საზოგადოებისათვის კარგად ნაცნობი ხელოვანები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები.
ჟურნალს „Copyright" საავტორო უფლებათა ასოციაცია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის" მხარდაჭერით გამოსცემს. „Copyright"-ი პირველი ჟურნალია საავტორო უფლებების დაცვის სფეროში, რომლის მიზანს საავტორო უფლებების კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ქვეყანაში მიმდინარე კულტურული პროცესების გაშუქება წარმოადგენს.
ჟურნალში წარმოდგენილია საინტერესო რუბრიკები: „მთავარი თემა" - ინტერვიუ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან მიხეილ გიორგაძესთან, „შედევრის ისტორია" - ელენე ახვლედიანი, „პორტრეტი" - გიორგი ცაბაძე, "პრობლემატიკა" - რატომ არ უნდა მოვიპაროთ მუსიკა და სხვა. ჟურნალს დაემატა ახალი რუბრიკა „დიზაინ თბილისი", რომელშიც საუბარია ჩვენს ქალაქში არსებული ახალი არქიტექტურული ნაგებობებისა და სივრცეების შესახებ.