„ბაკურ სულაკაურის" გამომცემლობამ ბეჭდვაში ჩაუშვა ზურა ოდილავაძის ახალი რომანი „ორპირი თბილისი-სტოკჰოლმი". ავტორი მკითხველს ახალ ნაწარმოებს უახლოეს დღეებში წარუდგენს.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" ზურა ოდილავაძემ განუცხადა, რომანი მოგვითხრობს, ზოგადად, თანამედროვე საქართველოს ყოფასა და, კერძოდ, კონკრეტული მამაკაცის, დავით (,,ჯორდანო") ვაშაკიძის ცხოვრებაზე. ტექსტში გადმოცემულია პიროვნების განვითარების პროცესი, რომელიც, პირველ ყოვლისა, გულისხმობს საბჭოეთიდან გადმოყოლილი მითოლოგიური, უკრიტიკო და ბატონ- ყმური ცნობიერების დაძლევას.
„მამაკაცის შემდგომი განვითარება და წინსვლა ორი გზით მიდის: 1. შემოქმედებითი ზრდა და 2. საწინააღმდეგო სქესთან წარმატება - ასე იძენს დავით ვაშაკიძე მნიშვნელოვნების განცდას. ქართულ ,,სექსუალური რევოლუციასთან" ერთად, რომანი მოგვითხრობს საზოგადოებრივი ცხოვრების ბევრ სხვა სფეროზე: მის ,,სულზე" - ეკლესია; ,,თავზე" - მმართველი ელიტა; ,,კიდურებზე" - რიგითი მოქალაქეები; ამას გარდა ტექსტში მოყვანილია 2008 წლის აგვისტოს ომის ქრონიკაც. რომანის მთავარ თემას კი საბჭოური ინერტულობისა და უიმედობისგან გამოსვლა წარმოადგენს", - აცხადებს ავტორი.
ამბავი იწყება ორპირში მიგდებული მომაკვდავი სნეულის ისტორიით, გრძელდება მისი დედაქალაქში გადმოსვლით და ბოლოს, 2020 წელს ნობელის პრემიის მინიჭებით. ავტორის აზრით, ადამიანი მუდამ ახალი მწვერვალისკენ უნდა მიისწრაფვოდეს - სწორედ მაღალი მიზნები განაპირობებენ დიდ საქმეებსა და მაღალ მიღწევებს.
ზურა ოდილავაძეს გამოცემული აქვს ორი კრებული - „ნიუ-ბაბილონელი მეთოჯინეები" და „იმპერიის ორსულობა". მისი პუბლიკაციები იბეჭდება გაზეთ „პრემიერში" და სხვა გამოცემებში.
მასალის გამოყენების პირობები