თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელშიც კომისიის მოწვევით მუნიციპალურ დაქვემდებარებაში არსებული მუზეუმების ხელმძღვანელებმა და მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. სხდომაზე მუზეუმების წინაშე მდგარი პრობლემები განიხილეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
თბილისის საკრებულოს მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის განცხადებით, დღეს დღის წესრიგში დგას იმ პრობლემების შესწავლა და გადაჭრის გზების ძიება, რომლებიც მუზეუმების წინაშე დგას.
„ერთ-ერთი ძალიან მტკივნეული საკითხი არის თოჯინების მუზეუმთან დაკავშირებული პრობლემა. ორი წლის წინ აღნიშნული მუზეუმის შენობა გასხვისდა და სანაცვლოდ მუზეუმისთვის ალტერნატიული ფართი არ იქნა შეთავაზებული. სწორედ ამის გამო მუზეუმი დღესაც არ არის ექსპლოატაციაში შესული, ანუ ამ ვანდალური ქმედებიდან გამომდინარე ქართული საზოგადოება თოჯინების მუზეუმს არის მოკლებული.
რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის ექსპონატების შენახვასთან დაკავშირებული პრობლემა, რადგან არც ერთ მუზეუმს არ გააჩნია შესაბამისი პირობები საიმისოდ, რომ ეს ექსპონატები სათანადო პირობებში იქნეს დაცული. ამ დროს კი მოგეხსენებათ, მუზეუმის ყველაზე დიდი სიმდიდრე არის ექსპონატების სიმრავლე.
ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომ მუზეუმი ქალაქის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტი იყოს. შეუძლებელია მუზეუმი განვიხილოთ დამოუკიდებლად, იქნება ეს სახელოვნებო სასწავლებლები, რაიმე სახის კულტურული ღონისძიებებთან მიმართებაში და ა.შ. ამიტომ მუზეუმების ამ საერთო კულტურულ ცხოვრებაში ჩართვა აუცილებელია", - განცხადა თამარ ტალიაშვილმა.