დღეს, 7 ოქტომბერს 18.00 საათზე თბილისის ა.ს.გრიბოედოვის სახ. სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის მცირე სცენაზე გაიმართება ალექსანდრე ვამპილოვის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის - "უფროსი ვაჟი" («Старший сын») - პრემიერა.
სპექტაკლის დადგა გრიბოედოვის თეატრის მთავარმა რეჟისორმა, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი მარგველაშვილმა.
სპექტაკლი გააფორმა საქართველოს დამსახურებულმა მხატვარმა, მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატმა მირიან შველიძემ.
დადგმაში მონაწილეობენ: აპოლონ კუბლაშვილი, ვალერი ხარიუტჩენკო, დიმიტრი მერაბიშვილი, ლაშა გურგენიძე, ივანე ქურასბედიანი, მარიამ კიტია, სოფიო ლომჯარია, ინა ვორობიოვა, ანასტასია გარმატიუკი, ნინო ნინიძე, ქრისტოფორე ფილიევი.
"უფროსი ვაჟი" არის ისტორია ორ ახალგაზრდაზე, რომლებთაც შემოაღამდათ უცნობ გარეუბანში და გასათევის ძიებაში ერთ ოჯახშს შეეკედლნენ. შემთხვევითმა შეხვედრამ შეცვალა ყველა გმირის ცხოვრება. გიორგი მარგველაშვილის თქმით, მან დადგა სპექტაკლი მარტოობაზე, ბედნიერების ამაოებაზე და მაინც იმაზე, რომ სიცოცხლე სასწაულებით არის სავსე.
სპექტაკლის პრემიერა შედგება თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის GEORGIAN SHOWCASE + NEW MARKET ფარგლებში და ეძღვნება ნაწარმოების შექმნიდან 50-ე წლისთავს.
მასალის გამოყენების პირობები