6 ოქტომბერს, 11:00 საათზე თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის წითელ დარბაზში „მფარველთა საბჭოს" დაარსებასთან დაკავშირებით სპეციალური პრესკონფერენცია გაიმართება.
სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე საბჭოს წევრები ბადრი მაისურაძე, მაყვალა ქასრაშვილი, ნინო ანანიაშვილი, დიმიტრი იუროვსკი და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი ისაუბრებენ. პრესკონფერენციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაესწრება.
„მფარველთა საბჭო" მსოფლიოს თითქმის ყველა ცნობილ თეატრს ჰყავს. ეს არის ქმედითი და მრავალფუნქციური ორგანო, რომლის წევრებიც ოპერისა და ბალეტის თეატრს სწორი მენეჯმენტის ჩამოყალიბებაში, საერთაშორისო ასპარეზზე ავტორიტეტისა და ურთიერთობების გამყარებაში, მაღალი სტანდარტის საოპერო და საბალეტო პროდუქციის შექმნაში, გასტროლების დაგეგმვასა და განხორციელებაში დაეხმარებიან.
ამ ეტაპზე ოპერის „მფარველთა საბჭოში" გაერთიანდა მსოფლიოს მუსიკალური და თეატრალური სამყაროს 7 გამოჩენილი და ავტორიტეტული მოღვაწე - ცნობილი ქართველი მომღერლები ბადრი მაისურაძე და მაყვალა ქასრაშვილი, პრიმა - ბალერინა ნინო ანანიაშვილი, ცნობილი დირიჟორი დიმიტრი იუროვსკი, ვენის თეატრის სამხატვრო ადმინისტრაციისა და კასტინგის ხელმძღვანელი სებასტიან შვარცი, დირიჟორი ბრუნო ვაილი და ცნობილი რეჟისორი დიმიტრი ბერტმანი.