დღეს, 6 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში გაიმართება პრესკოფერენცია ქართველი ქალი კინორეჟისორების ფილმების ბუსანის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
პრესკოფერენციას დაესწრებიან ეროვნული კინოცენტრის დირექტორი - ნანა ჯანელიძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი - ნანა დოლიძე და რეჟისორი ლანა ღოღობერიძე.
ბუსანის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2-11 ოქტომბერს, სპეციალურ პროგრამაში „ფოკუსი" წარმოდგენილი იქნება „ ქართველი ქალი კინორეჟისორების ძალა" - ქალი კინორეჟისორების 12 განსხვავებული ფილმი, საქართველოს პირველი ქალი რეჟისორის, ნუცა ღოღობერიძის, ნამუშევრიდან „ ახალი ქართული ტალღის" თაობის წარმომადგენლებამდე. სპეციალური პროგრამა ეძღვნება საქართველოს და ქართველ ქალ რეჟისორებს.
ქართული ფილმები ბუსანის ეფსტივალზე პირველად მონაწილეობს.
ამ წლის სპეციალური პროგრამა მოიცავს 12 ფილმს, მათ შორის პირველი ქართველი ქალი რეჟისორის, ნუცა ღოღობერიძის მიერ 1930 წელს გადაღებულ ფილმს „მაღალმთიანი რაჭის ისტორია". გარდა იმისა, რომ ნუცა ღოღობერიძე პირველი ქართველი ქალი რეჟისორია, ის ქალი რეჟისორების სამი თაობის სათავეში დგას. მისი ქალიშვილის, ლანა ღოღობერიძის მიერ გადაღებული ფილმი „დღეს ღამე უთენებია" წარმოდგენილი იყო კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე; მისი შვილიშვილი სალომე ალექსიმესხიშვილი პროდიუსერი და რეჟისორია. ბუსანის წლევანდელი კინოფესტივალის მაყურებელს შესაძლებლობა ექნება ერთი ქართული ოჯახის სამი წარმომადგენლისა და სხვა ქალი რეჟისორების ფილმების ნახოს. „ქართველი ქალი კინორეჟისორების ძალა" არა მხოლოდ ქალების მიერ გადაღებული ფილმების ჩვენებითაა ღირსშესანიშნავი, ესაა ასევე შესაძლებლობა ქალი რეჟისორების მიერ გადაღებულ 12 ფილმში დავინახოთ საქართველოს სოციალური პრობლემები, წინააღმდეგობა, დისკრიმინაცია და კონფლიქტი. მაყურებლის წინაშე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ახალი კინემატოგრაფიული ესთეტიკა, გენდერის მიუხედავად.
პროგრამაში წარმოდგენილი იქნება ფილმები:
• „ბუბა" (ნუცა ღოღობერიძე)
• „ბახმარო" (სალომე ჯაში)
• „პატარძლები" (თინათინ ყაჯრიშვილი)
• „ძმა" (თეონა გრენადე-მღვდელაძე, ტიერი გრენადე)
• „დღეს ღამე უთენებია" (ლანა ღოღობერიძე)
• „ფელიჩიტა" (სალომე ალექსიმესხიშვილი)
• „გრძელი ნათელი დღეები" (ნანა ექვთიმიშვილი, საიმონ გროსი)
• „გაიღიმეთ!" (რუსუდან ჭყონია)
• „მარილივით თეთრი" (ქეთი მაჭავარიანი)
• „სუსა" (რუსუდან პირველი)
• „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს" (თინათინ გურჩიანი)
• "იავნანა" (ნანა ჯანელიძე)
ბუსანის ფესტივალს დაესწრებიან საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი - ნანა ჯანელიძე, ექსპორტისა და დისტრიბუციის დეპარტამენტის უფროსი - დავით ვაშაძე, ასევე, რეჟისორები: ლანა ღოღობერიძე, თინა გურჩიანი, ნანა ექვთიმიშვილი.
სექციაში World Cinema ნაჩვენები იქნება გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული".
ინდუსტრიული კუთხით, ნანა ექვთიმიშვილის პროექტი „ჩემი ბედნიერი ოჯახი" მონაწილეობას მიიღებს აზიის პროექტების ბაზარზე - Asia Project Market.
გალა პრემიერაზე კი ნაჩვენები იქნება მოჰსენ მაჰმალბაფის ფილმი „პრეზიდენტი", რომელიც წარმოადგენს ქართულ-ფრანგულ-გერმანულ-ბრიტანულ კოპროდუქციას. ფილმის აზიურ პრემიერას დაესწრება მთავარი როლის შემსრულებელი მიშა გომიაშვილი.