თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა, მისი სამხატვრო ხელმძღვანელის დავით კინწურაშვილის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საპატიო დირიჟორის სტატუსის მინიჭების პრეცედენტი დაამკვიდრა, რაც აპრობირებულია მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო თეატრებსა და საშემსრულებლო კოლექტივებში. საპატიო დირიჟორის სტატუსთან დაკავშირებული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება თეატრს საშუალებას მისცემს, მთავარი დირიჟორის პარალელურად, ჰყავდეს გამორჩეული შემოქმედებითი პოტენციალისა და უდიდესი გამოცდილების მქონე მოწვეული დირიჟორი, რომლის დამსახურება თეატრის წინაშე სათანადოდ იქნება წარმოჩენილი.
ზაზა აზმაიფარაშვილი უდავოდ იმსახურებს საპატიო დირიჟორის სტატუსს, რამდენადაც შესანიშნავი შემოქმედებითი ბიოგრაფიის გარდა, მას ნამდვილად დიდი წვლილი მიუძღვის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის წინაშე, - ის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟრი იყო 2004-2009 წლებში. ამ პერიოდში მან იდირიჟორა ძალზე პრესტიჟული სპექტაკლები და გალა-კონცერტები მსოფლიოს ვარსკვლავების მონაწილეობით და ასევე უდიდესი წარმატებით წარუძღვა თეატრის შემოქმედებითი კოლექტივების გასტროლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
თეატრის დღევანდელი რეპერტუარის მნიშვნელოვან ნაწილს (ვერდის „აიდა", „ატილა", „ტრუბადური", „ტრავიატა", „ნაბუკო", „დონ კარლოსი", ლეონკავალოს „ჯამბაზები", თაქთაქიშვილის „მინდია" და ა.შ), სწორედ ზაზა აზმაიფარაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლები წარმოადგენს.
საპატიო დირიჟორის შემოქმედებითი პოზიცია თეატრის წინსვლისა და შემოქმედებითი რენომეს ამაღლების კიდევ ერთი მძლავრი გარანტორი იქნება.
და აი, 8 ოქტომბერს 19 საათზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში თბილისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის 163-ე სეზონი გალა-კონცერტით გაიხსნება, რომელსაც თეატრის საპატიო დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი წარუძღვება.
გალა-კონცერტზე იმღერებენ თეატრის სოლისტები ირინე ალექსიძე, მაყვალა ასპანიძე, თეა დემურიშვილი, ირინე თაბორიძე, მანანა იორდანიშვილი, მარიკა მაჩიტიძე, ელენა პუტილოვა, ირინე რატიანი, მარიამ ქობალიანი, ნინო ჩაჩუა, ხათუნა ჭოხონელიძე, თათია ჯიბლაძე, სალომე ჯიქია, ელდარ გეწაძე, სულხან გველესიანი, არმაზ დარაშვილი, გოჩა დათუსანი-ჯიღაური, კახაბერ თეთვაძე, ლეგი იმედაშვილი, ნიკოლოზ ლაგვილავა, გია მახარაძე, ირაკლი მურჯიკნელი, თამაზ საგინაძე, ტარიელ ჭიჭინაძე, ზაალ ხელაია.
გალა-კონცერტში მონაწილეობს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი.
გალა-კონცერტზე შესრულდება არიები და სცენები ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის, ჯუზეპე ვერდის, ამილკარე პონკიელის, კამილ სენ-სანსის, ჟიულ მასნეს, ჯაკომო პუჩინის, ზაქარია ფალიაშვილის, რევაზ ლაღიძის ოპერებიდან.
მასალის გამოყენების პირობები