საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და "რომპეტროლ საქართველო"-ს ინიციატივით "რომპეტროლში" 20 დევნილი დასაქმდა. დღეიდან ისინი მუშაობას ოფიციალურად შეუდგებიან. მანამდე კი გადამზადების კურსი გაიარეს. დასაქმებულებს კვალიფიციის შესაბამისი დიპლომები დღეს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა და "რომპეტროლ საქართველოს" გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ალბინმა გადასცა.
ამჯერად, დასაქმების პირველ ეტაპზე, დევნილები თბილისში იმუშავებენ. დასაქმების აქცია ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, ქუთაისსა და აჭარაში გაგრძელდება. ალექსანდრე ალბინის თქმით: "ამ ეტაპზე ძირითადად დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილები დასაქმდნენ, თუმცა, ქსელის გაფართოვების პარალელურად, კომპანია ყველა რეგიონში დევნილების დასაქმებას შეუწყობს ხელს."
დასაქმებული დევნილები ამბობენ, რომ აღნიშნული შეთავაზება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ირაკლი ბაბუციძე, სამაჩაბლოდან დევნილი: "აქ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დახმარებით მოვხვდი. პრაქტიკა უკვე გავიარე და დღეიდან შტატიანი თანამშრომელი ვარ. დღევანდელ პირობებში, როცა დასაქმება მთავარი პრობლემაა, დიდი საქმე გამიკეთეს.
კობა სუბელიანის თქმით, დევნილთა დასაქმება სამინისტროს პრიორიტეტია და მსგავსი აქციები გაგრძელდება: "რომპეტროლი დასაქმების კუთხით ყოველთვის გამოირჩეოდა. აქცია მომავალშიც გაგრძელდება და როგორც აფხაზეთიდან ისე სამაჩაბლოდან დევნილ მოსახლეობას მოიცავს. რაც მთავარია, დასაქმებამდე მოწმდება მათი ინტელექტუალური შესაძლებლობები, დიპლომი, განათლება. ადამიანი რომელიც მარტივი სამსახურით იწყებს, ხშირად გაყიდვების მენეჯერიც კი ხდება. ყველას წარმატეტბებს ვუსურვებ. Mადლობელი ვართ ყველა კომპანიის, ვინც დევნილების დასაქმებაში გვეხმარება."