ხვალ, 4 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ეროვნულ კინოცენტრში გაიმართება პრესკონფერენცია ფესტივალ CinéDOC-Tbilisi -თან დაკავშირებით.
14-19 ოქტომბერს ფესტივალი CineDOC-Tbilisi წელს თბილისში მეორედ ტარდება. 5 დღის მანძილზე მაყურებელი გაეცნობა სხვადასხვა ჟანრის დოკუმენტურ ფილმებს, რომლებიც ქართული რეალობისთვის აქტუალურ თემებს შეეხება.
CinéDOC-Tbilisi-ი პირველი საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალია კავკასიაში, რომლის ფოკუსშია შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმები.
ფესტივალს კინოთეატრები „ამირანი" და „რუსთაველი" უმასპინძლებს. კინოფესტივალის გახსნა -14 ოქტომბერს კინოთეატრ „ამირანის" მთავარ დარბაზში ებრაელი რეჟისორის - ბარაკ ჰეიმენის დოკუმენტური ფილმი Do you believe in love გახსნის. დახურვის ცერემოინია კი -18 ოქტომბერს გაიმართება. ფესტივალის ყოველი ფილმის ჩვენების შემდეგ მაყურებელს საშუალება ექნება ფილმის რეჟისორს უშუალოდ დაუსვას კითხვები.
ფესტივალი უმასპინძლებს შემდეგი ქვეყნების 50-მდე დოკუმენტურ ფილმს და მათ ავტორებს: ისრაელი,საქართველო, თურქეთი, სომხეთი, რუსეთი, უკრაინა,პოლონეთი, უნგრეთი, პორტუგალია,ნიდერლანდები, კვიპროსი, ბულგარეთი, კანადა, ბელგია, გერმანია,ბრაზილია,დანია. მაყურებელი ფესტივალის სხვადასხვა სექციაში სამი ქართველი რეჟისორის კინონამუშევრებს იხილავს. წარდგენილი იქნება ზურაბ ინაშვილის დოკუმენტური ფილმი "სხვა ქალაქი", ასევე შალვა შენგელის ნამუშევარი "მმართველი" და ანა ციმინტიას დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით „ბიბლიოთეკა".
ფესტივალი შედგება 3 სექციისგან:
-საერთაშორისო საკონკურსო პროგრამა
-Focus Caucasus
-CinéDOC-Young
საერთაშორისო საკონკურსო პროგრამა CinéDOC-Tbilisi-ის ძირითად სექციას წარმოადგენს. მონაწილე 9 ფილმიდან გამარჯვებულს დოკუმენტური კინოს ექსპერტებით, ფილმის კრიტიკოსებითა და რეჟისორებით დაკომპლექტებული საერთაშორისო ჟიური გამოავლენს.
საერთშორისო საკონკურსო პროგრამის ჟიურის წევრები არიან: საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტური კინოფესტივალის "Vision du Reel" -ის დირექტორი ლუჩიანო ბარისონე შვეიცარიიდან, სიმონე ბაუმანი გერმანიიდან.
Focus Caucasus- სექცია ეძღვნება კავკასიის რეგიონის დოკუმენტურ კინოს და მოიცავს, როგორც კავკასიელი კინემატოგრაფისტების ნამუშევრებს, ასევე ფილმებს, რომლებიც თემატურად ამ რეგიონს ეხება. აღნიშნული სექციისთვის შერჩეულია 9 ფილმი, ფოკუსით- საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და მეზობელი ქვეყნები - რუსეთი, თურქეთი. "Focus Caucasus" არ არის მხოლოდ კინოფესტივალის სექცია, ის ასევე წარმოადგენს რეგიონალური თანამშრომლობის პლატფორმას სამხრეთ კავკასიაში. ამ სექციაში მოწვეულნი იქნებიან რეჟისორები,პროდუსერები და სხვა მედია პროფესიონალები იმისათვის, რომ თავიანთი ფილმები წარუდგინონ მაყურებელს და განიხილონ რეგიონალური თანამშრომლობის მოდელი.
წლევანდელი საფესტივალო გამოშვების Focus Caucasus-ის ჟიურის წევრებს წარმოადგენენ: გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი დოქტორი შტეფან ვაკვიცი, უკრაინის დოკუმენტური ფილმების ფესტივალის ორგანიზატორი დარია ბაზელი, საერთაშორისო ფესტივალის Movies that Matter- ის (MTM) ორგანიზატორი ერიკ ფანხისენი.
CinéDOC Tbilisi-ის მესამე სექციას წარმოადგენს CinéDOC Young-ი..
ეროვნული კინოცენტრი ფესტივალის ტრადიციული მხარდამჭერია.