3 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში „ქარვასლა" ავსტრიელი ხელოვანებისა და კურატორების, ვენის ხელოვნების ინსტიტუტის პროფესორების, იოანა და ჰელმუტ კენდლების გამოფენა „ბერტა ფონ ზუტნერი გორდში" გაიმართება.
2010 წელს, აღნიშნული გამოფენა დიდი წარმატებით გაიმართა ვენაში, ბერტა ფონ ზუტნერის სასახლეში. პროექტი მიეძღვნა პირველი ნობელის პრემიის ლაურეატი ქალის, ბერტა ფონ ზუტნერის მოღვაწეობას საქართველოში. ავტორებმა ჟენევის გაეროს არქივში მიაკვლიეს ბერტა ფონ ზუტნერის უცნობ ხელნაწერს, პიესას, რომელიც მან საქართველოში დადიანების სასახლეში ცხოვრების პერიოდში შექმნა. მწერალმა ანა კორძაია-სამადაშვილმა აღნიშნული ტექსტი საუკუნის ბოლოს საქართველოს ყოფისათვის დამახასიათებელი ლიტერატურული დეტალებით განავრცო.