შვედეთში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, სტოკჰოლმში ევროკომისიის წარმომადგენლობაში ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ქართული ენა პირველად იყო წარმოდგენილი.
საქართველოს საელჩომ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოაწყო ქართული ენის კუთხე, სადაც შვედ მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ ენას, ქვეყნის ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს.
საელჩომ სტამბური წესით დაბეჭდა ქართული ენისადმი მიძღვნილი მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის ბუკლეტები, რომელშიც შეტანილია საქართველოს შესახებ ინფორმაცია შვედურად. მოცემულია ქართული სიტყვები ლათინური ტრანსკრიპციით, ასევე, მარტივი ფრაზები ქართულ ენაზე და ქართული ანბანის შესატყვისი შვედური ასოების ცხრილი.
30 სექტემბერს ქართული ენის კუთხე გაფორმებული იყო ამ ბუკლეტებით, ქართული დროშით, ქართულენოვანი წიგნებით, ქართული ანბანის ამსახველი პლაკატებით. ქართული ენის კუთხის სტუმრებს, ენის გაცნობასთან ერთად, საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ტრადიციული ქართული კერძები და ტკბილეული.
ქართული ენის კუთხემ შვედი მოსწავლეების დიდი ინტერესი გამოიწვია. ისინი ყურადღებით გაეცნენ ქართული ენის ბუკლეტებს, დაინტერესდნენ სად მდებარეობს საქართველო, დასვეს კითხვები ქართული დროშის შესახებ. ქართულ კუთხეში მოწაფეებისთვის გაიმართა მინი-კონკურსი, მათ ასევე საშუალება ჰქონდათ, ქართულის შესატყვისი ლათინური ასოების ცხრილის მეშვეობით, ქართულად დაეწერათ თავიანთი სახელები. ბავშვებს საჩუქრად გადაეცათ ბუკლეტები და საელჩოს ლოგოიანი საწერი კალმები.
ქართულ კუთხეს მასპინძლობდნენ საელჩოს რეფერენტი ანა სტურუა და საელჩოსთან არსებული ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც განსაკუთრებული მონდომებით ცდილობდნენ შვედი სტუმრებისთვის ესწავლებინათ ქართული ფრაზები და ასოები. ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული საელჩოს პირველი მდივანი ნათია ვაშალომიძე და მეურნე გივი მჭედლიშვილი.
ღონისძიების დასასრულს ორგანიზატორებმა ყველა მონაწილისთვის გამართეს ერთიანი კონკურსი, რომლის გამარჯვებულებს გადაეცათ საქართველოს საელჩოს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები - ფოტოალბომი საქართველოს შესახებ და ტრადიციული ხევსურული ქუდები.
ტრადიციულად, ამ ღონისძიებაში შვედეთის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ. წლის განმავლობაში შვედეთის ყველა სკოლაში ტარდება კონკურსი ენების ცოდნის გამოსავლენად, რომლის გამარჯვებულებსაც სტოკჰოლმში გამართულ ღონისძიებაზე იწვევენ. წელს ევროპული ენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მე-7-მე-12 კლასების 500 შვედი მოსწავლე ესწრებოდა. ღონისძიებაში ასევე ჩართულნი იყვნენ მათი მასწავლებლები.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ევროკომისიის წარმომადგენლობა, ავსტრიის, ირლანდიის, ისლანდიის, საბერძნეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის საელჩოები, „გოეთეს ინსტიტუტი", სტოკჰოლმის „ფრანგული ინსტიტუტი", „სერვანტესის ინსტიტუტი", იტალიის კულტურის ინსტიტუტი, რუმინეთის კულტურის ცენტრი, ნორდიკული ენების საზოგადოება „Norden", სტოკჰოლმის ესპერანტოს ცენტრი და შვედეთის ენების საბჭო.
სტოკჰოლმამდე ევროპული ენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჰელსინკიში გაიმართა. 26 სექტემბერს, ფინეთის განათლების დეპარტამენტის შენობაში ფინეთში საქართველოს საელჩოს მიერ მოწყობილმა ქართული ენის კუთხემ 1-7 კლასების ფინელი ბავშვების დიდი ინტერესი გამოიწვია. ამ ღონისძიებისთვის საელჩომ დაბეჭდა ფინურენოვანი ბუკლეტები, რომლებშიც შეტანილი იყო ინფორმაცია საქართველოსა და ქართული ენის შესახებ. ჰელსინკიში ქართულ კუთხეს მასპინძლობდნენ ფინეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე დალი კლემენტიდესი და ფინეთში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, საქმეთა დროებითი რწმუნებული, გიორგი მესხელი.