ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას მომავალშიც შეინარჩუნებს.
ევროპულმა მხარემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა ლუქსემბურგში გამართულ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს მე-10 სხდომა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ ქვეყანაში უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით, ევროკავშირის როლის გაზრდის მნიშვნელობაზე. მხარეებმა აღნიშნეს ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეღწევის უზრუნველყოფის აუცილებლობა მისი მანდატის სრულყოფილად განხორციელების მიზნით. ამ მხრივ, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შესაძლებლობების შემდგომი გაზრდის მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს ადგილზე სტაბილურობის უზრუნველყოფას.
თანამშრომლობის საბჭოს ფარგლებში, ასევე, აღინიშნა, რუსეთის მხრიდან, მის მიერვე აღებული ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანასთან დაკავშირებით. ამასთანავე, ქართული მხარის მიერ დაფიქსირდა, ადგილზე საერთაშორისო საპოლიციო და სამშვიდობო ოპერაციის მოდალობებზე აქტიური მსჯელობის დაწყების აუცილებლობა.
ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ჟენევის ფორმატში, იძულებით გადაადგილებული პირების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების, ასევე, უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობის მნიშვნელობას, თუმცა, აქვე ყურადღება გაამახვილა რუსული მხარის არაკონსტრუქციულ მიდგომაზე აღნიშნული ფორმატის ფარგლებში, რაც ხელს უშლის მის ეფექტურ ფუნქციონირებას და რეალური შედეგების მიღწევას. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ჟენევის მოლაპარაკებები კონსტრუქციულ გარემოში გაგრძელდება.
ქვეყანაში არსებული სიტუაციის, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკის გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობაზე.
თანამშრომლობის საბჭოზე მნიშვნელოვანი დრო დაეთმო საქართველოში დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და სხვა სფეროებში რეფორმების პროცესის განხილვას. ქართულმა მხარემ, ამ კუთხით, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრა.
თანამშრომლობის საბჭოზე განხილულ იქნა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში თანამშრომლობისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელების საკითხები. ქართულმა მხარემ ისაუბრა საქართველოს მიერ ხსენებული სამოქმედო გეგმის განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესზე და მომავალ გეგმებზე, ასევე, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში, პრიორიტეტულ საკითხებზე შემდგომი თანამშრომლობის წარმართვის გზებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავიზო მიმოსვლის გამარტივებისა და რეადმისიის შეთანხმებებზე წლის განმავლობაში წარმართულ წარმატებულ მოლაპარაკებებსა და მათი დროულად ხელმოწერის მნიშვნელობას.
ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი რეფორმების მიმართ. აღინიშნა, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრის დონეზე ხორციელდება ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია. უკვე ჩამოყალიბებულია კოორდინაციის მექანიზმი და მიმდინარეობს შესაბამისი უწყებების ინსტიტუციონალური გაძლიერება.
ევროპული მხარე მიესალმა ქართული მხარის მიერ გაწეულ მუშაობას რეფორმებისა და საქართველო-ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით. მხარეებმა ხაზი გაუსვეს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივის ფარგლებში, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელობას. ევროპული მხარე მიესალმა საქართველოს აქტიურ მონაწილეობას ინიციატივის მრავალმხრივი თანამშრომლობის კომპონენტის ფარგლებში მიმდინარე თემატური პლატფორმების შეხვედრებში.
სხდომაზე განხილულ იქნა ევროკავშირის გაზრდილი ფინანსური დახმარების თემატიკა. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის გაწეული ფინანსური მხარდაჭერის, მათ შორის, 2008 წლის ოქტომბერში, ქ. ბრიუსელში გამართულ დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე ევროკომისიის მიერ გამოყოფილი გაზრდილი დახმარების მნიშვნელობას.
2009 წლის 26 ოქტომბერს, ორშაბათს, ლუქსემბურგში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს მე-10 სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე. შეხვედრაში ქართული მხრიდან, ასევე, მონაწილეობდა ვიცე პრემიერ-მინისტრი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე. ევროპულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა შვედეთის, როგორც ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი. სხდომაზე ევროკომისიას წარმოადგენდა ევროკომისარი საგარეო ურთიერთობათა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერი. შეხვედრაში, ევროპული მხრიდან მონაწილეობა მიიღო, აგრეთვე, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა პიტერ სემნებიმ.