დღეს, 2 ოქტომბერს, 11:00 საათზე, კულტურის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია, ანიმაციური ფილმების მე-6 საერთაშორისო ფესტივალის „თოფუზის" შესახებ, რომელიც 6-11 ოქტომბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით აჭარის რეგიონში გაიმართება.
პრესკონფერენციას მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ფესტივალის დირექტორი ზურაბ დიასამიძე და დირექტორის მოადგილე არჩილ დიასამიძე გაუძღვებიან.
6-დან 11 ოქტომბრის ჩათვლით, ანიმაციური ფილმების მე-6 საერთაშორისო ფესტივალს ხულო, შუახევი, ქედა და ბათუმი უმასპინძლებს. საკონკურსო და საინფორმაციო პროგრამებში ნაჩვენები იქნება 38 ქვეყნის 105 ფილმი. ფილმების ჩვენება გაიმართება ბათუმის დრამატულ თეატრში და ხელოვნების უნივერსიტეტში, აგრეთვე კინოთეატრ „აპოლოში", ხულოს დრამატულ თეატრში, შუახევისა და ქედის კულტურის ცენტრებში.
ფესტივალის გრან-პრი გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:
საუკეთესო ფილმი უფროსებისათვის
საუკეთესო საბავშვო ფილმი
ბავშვების მიერ შექმნილი საუკეთესო ფილმი
საუკეთესო ექსპერიმენტული ფილმი
საუკეთესო სერიალი
საუკეთესო დებიუტი
საუკეთესო სტუდენტური ფილმი
გამარჯვებულებს გამოავლენს საერთაშორისო ჟიური, ხოლო გამარჯვებულს ნომინაციაში საუკეთესო საბავშვო ფილმი შეარჩევს ხულოს, შუახევის, ქედის და ბათუმის ბავშვებისგან დაკომპლექტებული ჟიური. შედეგები ცნობილი ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე გახდება.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება უორქშოფები, მასტერკლასები, შეხვედრები 2013 წლის გამარჯვებულებთან და სხვადასხვა კულტურული ღონისძიება.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად, ფესტივალის მხარდამჭერები არიან: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ბათუმის მერია; შ.პ.ს.„მიფასი"; კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი; თბილისის იუნუს ემრეს თურქული კულტურის ცენტრი; იაპონიის საელჩო; ფრანგული ინსტიტუტი; თელავის მერია; ზუგდიდის მერია; ხობის მუნიციპალიტეტი.