დღეს, 1-ელ ოქტომბერს, 18:00 საათზე, გოეთეს ინსტიტუტში რიუდიგერ საფრანსკის წიგნის "გოეთე-ცხოვრების შემოქმედება" პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნის პრეზენტაცია საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის 20 წლის იუბილეს ეძღვნება. ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსის და მწერლის, რიუდიგერ საფრანსკის წიგნის პრეზენტაცია ამიერკავკასიის სამივე ქვეყანაში გაიმართება.
ავტორის საღამოები გაიმართება ბაქოში, თბილისსა და ერევანში, სადაც ის გერმანულად წაიკითხავს ნაწყვეტებს თავისი ახალი წიგნიდან "გოეთე-ცხოვრების შემოქმედება". ბაქოში გოეთეს "დასავლურ-აღმოსავლური დივანი" იქნება საღამოს მთავარი თემა, თბილისსა და ერევანში საუბარი გაიმართება რომანზე "ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი", რომელმაც გოეთეს 1774 წელს პირველი ლიტერატურული აღიარება მოუტანა და რომლის დაწერიდან წელს 240-ე წლისთავი აღინიშნება.
საფრანსკის მიერ წაკითხული პასაჟები ნათარაგმნია ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. დისკუსია გაიმართება თანმიმდევრული თარგმანით.
რიუდიგერ საფრანსკი თავის მასშტაბურ წიგნში აღწერს, თუ "როგორ შექმნა გოეთემ თავისი თავი გოეთედ". ის ამ უკანასკნელ უნივერსალურ გენიოსს პირველადი წყაროების საშუალებით, მისივე ნაშრომებით, წერილებით, დღიურებით, საუბრების ჩანაწერებით და თანამედროვეთა მოგონებებით ცდილობს მიუახლოვდეს. ამ უახლესი ბიოგრაფიის დასაწერად ავტორს ინტერპრეტაციების სქელი მტვირს ფენის მოშორება დასჭირდა. წიგნის პრემიერა 2013 წელს შედგა.
რიუდიგერ საფრანსკი, დაბ. 1945 წელს, ფილოსოფოსი და მრავალჯერ დაჯილდოებული, 20-ზე მეტ ენაზე ნათარგმნი ბიოგრაფიების ავტორი, მათ შორის შილერზე, ე.ტ.ა. ჰოფმანზე, შოპენჰაუერზე, ნიცშეზე, ჰაიდეგერზე. მას დაწერილი აქვს წიგნები ისეთ ძირეულ ადამიანურ საკითხებზე, როგორიც ბოროტება და სიმართლეა, რომატიკაზე და შილერის და გოეთეს მეგობრობაზე, რომლებმაც მას დიდი აღიარება მოუტანეს.
რიუდიგერ საფრანსკი ასევე წაიკითხავს ლექციას "ბოროტების" მცნებაზე ილიას უნივერსიტეტში, სადაც მას საზეიმოდ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება.