დღეს, 1-ელ აპრილს, მართლმადიდებლურ ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 09:00 საათზე, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში წირვას დაიწყებს. წირვის დასრულების შემდეგ ფეხთბანის წესი შესრულდება: კათალიკოს-პატრიარქი მსახურებაში მონაწილე სასულიერო პირებს ფეხს დაბანს.
დიდ ხუთშაბათს ტაძრებში 12-გზის სახარება იკითხება, რომლის დროსაც წმინდა წერილიდან 12-ჯერ წაიკითხება ადგილები უფალ იესო ქრისტეს ცხოვრებისა და ჯვარცმის შესახებ. სამების საპატრიარქო ტაძარში 12-გზის სახარების კითხვა საღამოს 19:00 საათზე დაიწყება.
სახარების მიხედვით, დიდი ხუთშაბათს მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა. უფალმა მოწაფეები საკუთარ სისხლსა და ხორცს აზიარა და ამით ევქარისტიის, ზიარების, საიდუმლო დააწესა. მაცხოვარმა მიანიშნა, რომ ერთ-ერთი მოწაფე, იუდა ისკარიოტელი გასცემდა.