თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 1-5 ოქტომბერს "Tbilisi Photo Festival 2014" გაიმართება. ფესტივალთან დაკავშირებით დღეს მწერალთა სახლში ფესტივალის ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა პრესკონფერენცია გამართეს.
როგორც თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჩახავამ განაცხადა, მერია აქტიურად უჭერს მხარს ფესტივალს, როგორც დედაქალაქის კულტურული ცხოვრების განუყოფელ ნაწილს. მისი თქმით, ფესტივალის ფარგლებში, ახალგაზრდა ფოტოხელოვანებს მიეცემათ შესაძლებლობა, საკუთარი ნამუშევრები გააცნონ მსოფლიოში აღიარებულ ფოტოგრაფებს. მისივე თქმით, მერია ფესტივალის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.
როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, ფესტივალი წელს საიუბილეო, მეხუთე წელს აღნიშნავს და წლევანდელი პროგრამა ფოტოგრაფიის მოყვარულებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება.
"Tbilisi Photo Festival 2014" 1 ოქტომბერს, 18:00 საათზე, აბანოთუბანში, ლეღვთახევში უკრაინის კონფლიქტის თემატიკაზე შექმნილი ფოტოგამოფენით გახსნება. ფესტივალის ფარგლებში, „თი-ბი-სი გალერეაში" მოეწყობა კიდევ ერთი მასშტაბური გამოფენა - "ქართული დღიურები. რობერტ კაპა საქართველოში 1947". ასევე წარმოდგენილი იქნება რეზო კეზელის, ბორის შავერდიანისა და დევიდე მონტელეონეს ფოტოპროექტები. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ფოტოგრაფიის ღამე - ფოტოჩვენებები ძველ თბილისში ღია ცის ქვეშ.
"Tbilisi Photo Festival 2014"-ის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან თბილისის მერია და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინიტრო.