მიმაჩნია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ზრდა საკმაოდ ბევრი რისკის შემცველია, აცხადებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე. როგორც ექსპერტი განმარტავს, 2015 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით საკმაოდ მოზომილი პოზიცია აქვს და კარგია, როცა ორი მიმართულებით: ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და განათლების სამინისტროს მიმართულებით დაფინანსება იზრდება.
"მიმაჩნია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ზრდა ზოგადად ბოლო წლებში როგორც ხდება, საკმაოდ ბევრი რისკის შემცველია. განათლებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაფინანსების ზრდას მივიჩნევ, რომ დადებითი ტრენდია. ჯანდაცვაში კი გარკვეულ რისკებს, რადგანაც ეს არის წმინდა სოციალური ხარჯები. და რამდენად აწევს მომავალ წლებში ბიუჯეტები ჯანდაცვის ბიუჯეტის ზრდის ასეთ მაჩვენებელს ეს საკმაოდ მძიმე ტვირთია და ამან შესაძლოა მაპროვოცირებელი როლი ითამაშოს საბიუჯეტო პრობლემების შექმნის თვალსაზრისით", - აცხადებს კალანდაძე.
ექსპერტის აზრით, ხელისუფლებას სხვა გამოსავალიც აქვს, და ეს არის იდეოლოგიურად სხვა მოდელის შეთავაზება.
"ეს არის მიზნობრივი პროგრამები და ერთობლივი დაფინანსების კომპონენტის შემოტანა და არა საყოველთაობის პრინციპზე დაფუძნებული ჯანდაცვის სისტემა",- აცხადებს კალანდაძე.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ზოგადად ის პარამეტრები და მაჩვენებლები, რაც 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში დაფიქსირდა "აწევადია", იმ შემთხვევაში თუ 2014 ფინანსური წელი მეტ-ნაკლებად წარმატებით ჩაივლის.
" 2015 წლის ბუჯეტის შესრულება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად უზრუნველყოფს ხელისუფლება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ბიზნესგარემოს გააქტიურებას", - აცხადებს კალანდაძე.
საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 7 930.0 მლნ ლარით განისაზღვრა.
სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 7 460.0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 23.5%-ს შეადგენს.
გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებლები ცალკეული გადასახადების სახეების მიხედვით შემდეგია:
• საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 070.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 6.5 პროცენტს შეადგენს;
• მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 906.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 2.8 პროცენტია;
• დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 3 534.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 11.1 პროცენტს შეადგენს;
• აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 808.0 მლნ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 2.5 პროცენტს შეადგენს;
• იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 117.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 0.4 პროცენტს შეადგენს;
• სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 25.0 მლნ ლარით.
2015 წლისთვის გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 180.0 მლნ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო გრანტები 85.0 მლნ ლარი, ხოლო საინვესტიციო (ხარჯზე მიბმული) გრანტები 95.0 მლნ ლარი;
2015 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრულია 290.0 მლნ ლარის ოდენობით, რაც მიმდინარე წლის გეგმასთან შედარებით 65,0 მლნ ლარით ნაკლებია (შემცირებულია დივიდენდებიდან და ჯარიმებიდან მისაღები სახსრები);
არაფინანსური აქტივების კლების სახით მისაღები თანხების გეგმა განსაზღვრულია 80,0 მლნ ლარის ოდენობით;
ფინანსური აქტივების კლების მაჩვენებელი განისაზღვრა 70,0 მლნ ლარის ოდენობით, რაც მთლიანად წარმოადგენს წინა წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სესხების დაბრუნებას;
ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრების გეგმა განსაზღვრულია 1 320.0 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის:
• საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად მიღებული გრძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტები - 680.0 მლნ ლარი;
• მსოფლიო ბანკის და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების საბიუჯეტო კრედიტები - 240,0 მლნ ლარი;
• სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების ემისიით და მათი დაფარვის შედეგად საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების წმინდა ზრდა - 400,0 მლნ ლარი;
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით 2015 წელს მისაღები შემოსულობების მთლიანი მაჩვენებელი განსაზღვრულია 9 400.0 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო გადასახდელების გეგმა შეადგენს 9 350.0 მლნ ლარს, რისი გათვალისწინებითაც გათვალისწინებულია სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე განთავსებული თავისუფალი ნაშთის დაგროვება 50.0 მლნ ლარის ოდენობით.
სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 9 350.0 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 8 575.0 მლნ ლარს, გრანტები 95.0 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები 680.0 მლნ ლარს.
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა შეადგენს 7 891.0 მლნ ლარს.
არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გათვალისწინებულია - 765.7 მლნ ლარი, ხოლო ფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გამოყოფილია - 284.1 მლნ ლარი;
ვალდებულებების კლება შეადგენს 409.2 მლნ ლარს, საიდანაც 346.0 მლნ ლარი მიმართული იქნება საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების დაფარვაზე, ხოლო 63.2 მლნ ლარი - საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების დაფარვაზე.
წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ასიგნებები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით შემდეგნაირად არის გადანაწილებული:
• შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 92,0 მლნ ლარით და შეადგენს 2 750,0 მლნ ლარს (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 29,4%). აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია:
• სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის - 2 010,0 ათასი ლარი;
• ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის - 652,6 მლნ ლარი;
• სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვისათვის - 35,0 მლნ ლარი;
2015-2016 წლებში დაგეგმილი რეფორმების ფარგლებში განხორციელდება არსებული სოციალური გასაცემლების დახვეწა, მიზნობრივ ჯგუფებზე მეტი შედეგების მისაღწევად. გაგრძელდება საპენსიო და სხვა სოციალური გასაცემლების მოცულობების ეტაპობრივი ზრდა.
• რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 955,0 მლნ ლარი (გაზრდილია 80,0 მლნ ლარით), რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია:
• საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის - 588,3 მლნ ლარი;
• რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის - 216,9 მლნ ლარი;
• წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია - 140,6 მლნ ლარი;
• განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 828,9 მლნ ლარი (გაზრდილია 74,6 მლნ ლარით), მათ შორის:
• ზოგადი განათლების დასაფინანსებლად - 479,8 მლნ ლარი;
• პროფესიული განათლების დასაფინანსებლად - 36,0 მლნ ლარი;
• უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამების დასაფინანსებლად - 155,0 მლნ ლარი;
• საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის - 110,0 მლნ ლარზე მეტი;
ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი რეფორმების ფარგლებში 2015-2016 წლებში ეტაპობრივად განხორციელდება საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასების ზრდა;
• თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 625,0 მლნ ლარი (სსიპ - სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ - დელტას და მისი კონტროლს ქვეშ მყოფი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების დაფინანსება გადატანილია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, ხოლო ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი წარმოდგენილია დამოუკიდებელ მხარჯავ დაწესებულებად);
• შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 600,0 მლნ ლარი;
• სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილია 291,0 მლნ ლარი, რაც მიმდინარე წლის გეგმაზე 27,5 მლნ ლარით მეტია. გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია:
• სამელიორაციო და საირიგაციო სისტემების განვითარებისათვის - 100,0 მლნ ლარამდე;
• შეღავათიანი აგროკრედიტებისათვის - 36,0 მლნ ლარი;
• მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობისათვის - 50,0 მლნ ლარი;
• სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 155,0 მლნ ლარი;
• ენერგეტიკის სამინისტროსათვის გამოყოფილია 135,0 მლნ ლარი (მშ. გაზიფიცირება 20,0 მლნ ლარი);
• ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გამოყოფილია 120,0 მლნ ლარი, (მშ. პროგრამა „აწარმოე საქართველოში" 20,0 მლნ ლარი);
• საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 100,0 მლნ ლარი;
• კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 85,0 მლნ ლარი;
• იუსტიციის სამინისტროსთვის გამოყოფილია 65,0 მლნ ლარი;
• ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და განსახლების სამინისტროსთვის გამოყოფილია 60,0 მლნ ლარი;
• სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილია 55,0 მლნ ლარი, რაც 2014 წლის ბიუჯეტის მოცულობის ანალოგიურია.
• გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 35,0 მლნ ლარი;
• სხვა მხარჯავი დაწესებულებების დაფინანსების მოცულობები, უმეტეს შემთხვევაში, შენარჩუნებულია მიმდინარე წლის დონეზე;
• რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამისათვის ჯამში გათვალისწინებულია 300,0 მლნ ლარი;
• მიმდინარე წელთან შედარებით, გაზრდილია მთავრობის სარეზერვო ფონდი და შეადგენს 70,0 მლნ ლარს.