დღეს, 30 სექტემბერს, 15:00 საათზე მწერალთა სახლში Tbilisi Photo Festival 2014 - ის პრესკონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახა კანდელაკი, Tbilisi Photo Festival 2014 - ის სამხატვრო ხელმძღვანელი ნესტან ნიჟარაძე, ქალაქ თბილისის ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი, პოლონეთის ელჩი ანდრჟეი ჩიეშკოვსკი და პოლონელი ფოტოგრაფი იუსტინა მელნიკევიჩი გაუძღვებიან.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, 1-5 ოქტომბერს Tbilisi Photo Festival 2014 გაიმართება .
ფესტივალი 1 ოქტომბერს, 18:00 საათზე, აბანოთუბანში/ლეღვთახევში უკრაინის კონფლიქტის თემატიკაზე შექმნილი ფოტოგამოფენით გახსნება. "ორი ნაპირი: უკრაინა 2014"-ის ავტორი ცნობილი პოლონელი ფოტოგრაფი იუსტინა მელნიკევიჩია. ევრომაიდანი, ყირიმის ანექსია და რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისი - სწორედ ეს მოვლენები მოხვდა პოლონელი ფოტოგრაფის ობიექტივში.
Tbilisi Photo Festival 2014-ის ფარგლებში, თიბისი გალერეაში მოეწყობა კიდევ ერთი მასშტაბური გამოფენა - "ქართული დღიურები. რობერტ კაპა საქართველოში 1947". 20-ე საუკუნის ლეგენდის - უნგრელი ფოტოგრაფის, ომის რეპორტიორისა და სააგენტო "მაგნუმის" შემქმნელის რობერტ კაპას მიერ საქართველოში გადაღებული ფოტოების სერია საგანგებოდ ფოტოგრაფის გარდაცვალების 60 წლისთავთან დაკავშირებით გამოიფინება.
ასევე წარმოდგენილი იქნება რეზო კეზელის, ბორის შავერდიანისა და დევიდე მონტელეონეს ფოტოპროექტები. 2014 წლის პროგრამაში გაიმართება ფოტოგრაფიის ღამე - "ფოტოჩვენებები ძველ თბილისში ღია ცის ქვეშ".
Tbilisi Photo Festival-ს პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინიტრო და ქალაქ თბილისის მერია. ასევე: პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, გოეთეს ინსტიტუტი, ფრანგული ინსტიტუტი, "არდი", "ძველი თბილისი".