29 სექტემბერს, 11:00 საათზე კულტურის სამინისტროში მოეწყო პრესკონფერენცია მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის შესახებ, რომელიც 11-18 ოქტომბერს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით თელავში გაიმართება.
პრესკონფერენციას დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი და ფესტივალის დირექტორი თამარ ლორთქიფანიძე.
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი გამოჩენილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძეა, 2014 წელს დაარსებიდან - 30, ხოლო აღდგენიდან 5 წელი უსრულდება. ფესტივალი წელსაც, ტრადიციულად, თელავში სხვადასხვა თაობის მსოფლიო რანგის მუსიკოსს უმასპინძლებს.
გამოჩენილი ქართველი პიანისტის - ელისო ვირსალაძის მიერ 80-იან წლებში დაარსებულ ფესტივალს სახელწოდებით, "ქება ვაზისა", ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, მონაწილეთა შემადგენლობით, მასშტაბურობით და ფორმატით ანალოგი არ ჰყავდა. 2010 წელს, 20 წლიანი პაუზის შემდეგ ტრადიცია აღდგა - თელავს ლეგენდარული ფესტივალი კვლავ დაუბრუნდა და მას შემდეგ ყოველწლიურად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.
2014 წლის ფესტივალის ფარგლებში, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში 5 კონცერტი გაიმართება, მათგან - სამი საერთაშორისო საფესტივალო ორკესტრის თანხლებით. ორკესტრი საგანგებოდ ფესტივალისთვის დაკომპლექტდა და მასში უკრავენ მაღალპროფესიონალი მუსიკოსები საქართველოდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, პოლონეთიდან და შვეიცარიიდან. ორკესტრს წარუძღვება ცნობილი დირიჟორი არიელ ცუკერმანი. საფესტივალო საღამოები მსმენელს სთავაზობს მრავალფეროვან პროგრამას, რომელშიც შესულია მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრები, ქართული საგუნდო მუსიკა, აგრეთვე კამერული მუსიკის ის იშვიათი ნაწარმოებები, რომლებიც საქართველოში პირველად შესრულდება.
2014 წლის ფესტივალი გამოირჩევა სოლისტების განსაკუთრებული შემადგენლობით - ელისო ვირსალაძე, ლიანა ისაკაძე, კოლია ბლაჰერი, ნელსონ გოერნერი, ალექსანდრ ბუზლოვი, ნატალია გუტმანი, ედუარდ ბრუნერი, გრიგორი კროტენკო.
ფესტივალის კონცერტების პარალელურად, თელავის სამუსიკო კოლეჯში გაიმართება მასტერკლასები სხვადასხვა სპეციალობაში.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის და თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის სალაროებში. ასევე, წელს პირველად ფესტივალის ბილეთები განთავსდა ვებ-გვერდზე www.biletebi.ge.
ფესტივალის კონცერტების ონლაინ ტრანსლაციას უზრუნველყოფს კომპანია „კავკასუს ონლაინი", ტრანსლაციის ნახვა შესაძლებელი იქნება ცენტრის ვებ-გვერდზე http://www.cmcgeorgia.org/wm.php
ფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაცია, თელავის მერია, წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, სასტუმროთა ქსელი „ელ-ჯი", სასტუმროთა ქსელი „რჩეული", კომპანიები „ბადაგონი", „ვინივერია", „"Georgian Airways", „კავკასუს ონლაინი" და "VT Georgia".
ფესტივალის მედია პარტნიორები: საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირველი არხი, რადიო „ფორტუნა", საინფორმაციო სააგენტო GHN, ტელეკომპანიები „რუსთავი 2", „მაესტრო", „ARTAREA" და რადიო ერთი.