რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღიარა, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე კონფლიქტში მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი იბრძვის, მათ შორის - რუსეთის. განცხადება ამის შესახებ მან ტელეარხ „Bloomberg" -ისთვის გააკეთა კითხვაზე პასუხის გაცემისას, თუ რატომ იღუპებიან დონბასში მიმდინარე კონფლიქტში რუსი სამხედროები.
„იქ მრავალი მოხალისეა - მრავალი მათგანი რუსეთის მოქალაქეა... იყვნენ იქ რუსეთის მოქალაქეებიც რომლებიც იმ უკრაინულ ბატალიონებში იბრძოდნენ, რომლებიც უკრაინელი ოლიგარქების მიერ იყო შექმნილი და დაფინანსებული. ამ ბატალიონებში იყო მრავალი პოლონელი, ლიტველი, ევროპელი. თუმცა ზოგი ამბოხებულების მხარეს იბრძოდა. ჩვენ არასოდეს უარვყოფდით იმას, რომ იქ რუსი მოხალისეები იბრძვიან",_ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ რუსი აქტივისტის ელენა ვასილიევას მონაცემებით, რომელსაც სოციალურ ქსელში აქვს ჯგუფი სახელწოდებით „ტვირთი-200 უკრაინიდან რუსეთში" უკრაინის ტერიტორიაზე დაღუპულია დაახლოებით ოთხი ათასი რუსი სამხედრო.
ვასილიევამ ასევე წარმოადგინა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც უკრაინაში დაღუპულ რუს სამხედროებს, რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგებიდან უკანა რიცხვით ათავისუფლებენ, იმისათვის რათა მათ ოჯახებს კომპენსაცია არ გადაუხადონ.