ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ უახლოეს მომავალში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს წერილზე უპასუხებს, რომელშიც პუტინი უკრაინასთან ასოცირების შესახებ ხელშეკრუკების გადახედვას მოითხოვს. განცხადება ამის შესახებ დღეს ევროკომისიის სპიკერმა პია ჰანსენმა გააკეთა.
„პრეზიდენტმა ბაროზუმ პრეზიდენტ პუტინისგან წერილი მიიღო. რა თქმა უნდა პრეზიდენტი ბაროზუ გადაწყვეტს, თუ უკეთესად როგორ უნდა უპასუხოს კითხვებს, რომლებიც წინ იქნა წამოწეული",_ განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ ბაროზუმ და პუტინმა ტელეფონით 15 სექტემბერს ისაუბრეს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზუს წერილი მისწერა, რომელშიც მას მოსთხოვა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების სავაჭრო ნაწილის გადავადების დრო გამოყენებულ იქნეს დოკუმენტის ტექსტში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესატანად.