26 სექტემბერს, 18:00 საათზე, ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ქართველი ფოტოგრაფისა და კოლექციონერის დიმიტრი ერმაკოვის (1846-1916) ნამუშევრების გამოფენას გახსნის.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ავტორის მიერ მოგზაურობის დროს გადაღებული პორტრეტები, ყოველდღიური ყოფის ამსახველი სიუჟეტები, ქალაქების არქიტექტურა და ინფრასტრუქტურა. გარდა ფოტოებისა ექსპონირებულ იქნება ავტორის პირადი ფოტოაპარატები და ფოტო-ალბომები.
დიმიტრი ერმაკოვის ფოტოკოლექცია ჩვენამდე სრულად მოღწეული იშვიათი ფოტოკოლექციათაგანია, რაც მას ისტორიულ და ესთეტიურ ღირებულებას მატებს.საქართველოს ეროვნული მუზეუმის საცავებში, სახელოვანი ფოტოგრაფის, 25819 ცალკეული ანაბეჭდი, 15536 მინის ნეგატივი და 119 ფოტოალბომია დაცული. ამ უნიკალური კოლექციის რესტავრაცია, კონსერვაცია და ინვენტარიზაცია, 1999-2010 წლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ნიდერლანდების ფოტომუზეუმის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მხარდამჭერი საერთაშორისო ფონდი ,,ჰორიზონტი" გახლდათ.
წარმატებული ფოტოგრაფი, კომერსანტი და მეცნიერი დიმიტრი ერმაკოვი, ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა, ვინც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა საქართველოში ფოტოგრაფიის განვითარებას. მისი მემკვიდრეობა, კერძოდ კი ფოტოარქივი, ასზე მეტ ფოტოალბომს, 20 ათასამდე ფოტოს და მინი ნეგატივს, 12 500 სტერეოფოტოს, ფოტოტექნიკას, აპარატებს, ლინზებს, ობიექტივებს და სტერეოსკოპებს მოიცავს.
გამოფენა ეროვნულ გალერეაში 18 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება .
მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, რუსთაველის გამზ. 11.