26 სექტემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების თენგიზ ძაძამიასა და ნუკრი ცისკაძის ლექსების კრებულის „მე მოვალ თქვენთან" პრეზენტაცია. წიგნი სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.
კრებულში ილუსტრაციებად გამოყენებულია აფხაზეთის ომში დაღუპული მხატვრების სანდრო ვაჩეიშვილისა და ვახტანგ თედიაშვილის ნამუშევრები. წიგნი ეძღვნება სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს.
პროექტის ავტორი და რედაქტორია პროფესორი სალომე კაპანაძე, რომელიც წიგნის წინასიტყვაობაში აღნიშნავს: „მათ სიკვდილი დაამარცხეს, რადგან იმ ავადსახსენებელ ოთხმოცდათორმეტში სამშობლოსგან არ გაქცეულან და მუზარადი არა თავის სიცოცხლეს, ქვეყნის ღირსებას გადააფარეს. მათ იმაზე მეტი შეძლეს, ვიდრე შეეძლოთ, რადგან ოთარ ჭილაძისა არ იყოს, არ იყვნენ იმ ბედნიერი ერის შვილები, ვისაც სამშობლოს თავისუფლება და ერთიანობა არ ეოცნებებათ".