დღეს, 25 სექტემბერს, 10:00 საათზე, გოეთეს ინსტიტუტში, გაიმართება ქართველი გამომცემლებისთვის შემუშავებული სამდღიანი (25-27 სექტემბერი) პროფესიული სემინარების ოფიციალური გახსნა. პროექტი ხორცილედება ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივით და მხარდაჭერით, ასევე გოეთეს ინსტიტუტის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ხელშეწყობით.
გერმანელი ექსპერტები ელკე ფურმანი (გამომცემლობა Fischer), და ვოლფგანგ ფერჩელი (გამომცემლობა Knaus) გაუძღვებიან სემინარებს თემაზე საერთაშორისო უფლებები და საგამომცემლო მენეჯმენტი. პროფესიულ სემინარებში მონაწილეობას მიიღებს 25-მდე ქართული და უცხოური ორგანიზაციის და გამომცემლობის წარმომადგენელი.
სემინარების მიზანია ხელი შეუწყოს ქართველი გამომცემლების პროფესიულ განვითარებას. სემინარების მონაწილეები მიიღებენ უახლეს ინფორმაციას საავტორო უფლებებთან დაკავშირებული, მსოფილიოში დამკვიდრებული, საერთაშორისო სტანდარტების შესახებ და, აგრეთვე, გაეცნობიან მცირე და საშუალო საგამომცემლო სახლების მუშაობის პრინციპებს და დასავლელი კოლეგების გამოცდილებას.
სემინარებში მონაწილე ორგანიზაციების სია: გამომცემლობა „პალიტრა L", გამომცემლობა „ინტელექტი", Lit.Ge, გამომცემლობა „აზრი", გამომცემლობა „საქართველოს მაცნე", გამომცემლობა „უსტარი", გამომცემლობა „ზებრა გრუპ", „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", გამომცემლობა „პედაგოგიკა", გამომცემლობა „დიოგენე", „ქარჩხაძის გამომცემლობა", გამომცემლობა „ელფი", გამომცემლობა „სიესტა", გამომცემლობა „ბაკმი", გამომცემლობა „ლოგოს პრესი", გამომცემლობა „არტანუჯი", ჰაინრიხ ბიოლის ფონდი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა.