ხვალ, 25 სექტემბერს, 20.00 საათზე ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ტრადიციული მრავალხმიანობის მეშვიდე საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართება კონცერტი „ქართული მოტივები".
კონცერტში მონაწილეობს ევროპაში საყოველთაოდ ცნობილი ცნობილი ლატვიის სახელმწიფო გუნდი „ლატვია" მარის სირმაისის ხელმძღვანელობით.
მუსიკალურ ნაწარმოებს, რომელსაც ლატვიის სახელმწიფო გუნდი "ლატვია" და ანსამბლი "დიდგორი" ერთობლივად შეასრულებენ სპეციალურად ამ საღამოსთვის ლატვიელი კომპოზიტორების მიერ შეიქმნა. მასში ჩართულია სხვადასხვა კუთხის ქართული ხალხური სიმღერები.
კონცერტს ქართველ კოლეგასთან მიხეულ გიორგაძესთან ერთად დაესწრება ლატვიის კულტურის მინისტრი დაცე მელბარდე.
კონცერტის ორგანიზატორი და მხარდამჭერები გახლავთ ლატვიის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და საქართველოსა და ლატვიის კულტურის სამინისტროები.
კონცერტში მონაწილეობენ:
• ლატვიის სახელმწიფო გუნდი „ლატვია"
• მგალობელ-მომღერალთა გუნდი „დიდგორი"
• ზაზა მარჯანიშვილი - ფორტეპიანო
• სანდრო სიდამონიძე - ჩელო
ტრადიციული მრავალხმიანობის VII საერთაშორისო სიმპოზიუმი 2014 წლის 22-26 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟითა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.
გასულ 6 სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 30 ქვეყნის 80-ზე მეტმა მეცნიერმა და ქართული და სხვა ხალხთა მრავალხმიანობის ათასამდე შემსრულებელმა მსოფლიოს 20 ქვეყნიდან.
წლევანდელი სიმპოზიუმი რიგით მეშვიდეა, მასში მონაწილეობს 43 მეცნიერი მსოფლიოს 20 ქვეყნიდან (მათ შორის, საქართველოდან).
სიმპოზიუმის სამეცნიერო სესიებს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ხალხური მრავალხმიანობის კონცერტები, რომლებიც კონსერვატორიის დიდ და მცირე დარბაზებში იმართება.
მასალის გამოყენების პირობები