ოპერის თეატრის დასის წევრები არაჯანსაღი სამუშაო პირობებისა და პრობლემების შესახებ დღეს კულტურის სამინისტროში განცხადებას შეიტანენ, რომელშიც თაეტრის სამხატვრო ხელმძღვანელს დავით კინწურაშვილს ორკესტრის თანამშრომლებზე ზეწოლაში, დაშინების მცდელობასა და შანტაჟში ადანაშაულებენ.
ოპერის თეატრის ორკესტრის მსახიობები , შალვა აბრამაშვილი და ლევან იაშვილი საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს განცხადებით მიამართავენ და დახმარებას სთხოვენ.
"მოგმართავთ, ოპერის თეატრში შექმნილი, არაჯანსაღი სამუშაო პირობების გამო, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის დავით კინწურაშვილის მმართველობას, რაც ხელს უშლის თეატრის ნორმელურ რეჟიმში ფუნქციონირებას. ხელმღვანელის მხრიდან ადგილი აქვს ორკესტრის თანამშრომლებზე ზეწოლას და დაშინების მცდელობას. თანამშრომელბის კაბინეტში დაბარებას და მათთან „გასაუბრებას" აქვს დაკითხვის ფორმა, ადგენს სრულიად გაუგებარ პროტოკოლებს და მასზე ხელმოწერას გვაიძულებს.მიმდინარე წლის 22 სექტემბერს ჩვენ დაგვიბარეს კაბინეტში და თანამშრომლებში არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაგვადანაშაულეს. საუბრის შინაარსი შეეხებოდა ოპერის 2015 წლის ბიუჯეტს. როგორც სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი ამტკიცებს, ოპერის 2015 წლის ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია, რაც ჩვენ, ორკესტრის თანამშრომლებს არასწორ ინფორმაციად მიგვაჩნდა და ღიად ვმსჯელობდით ამ საკითხზე. თავად მას კი, ჩვენი მხრიდან ამ საკითხზე მსჯელობა თანამშრომელთა სამუშაო მოტივაციის დაქვეითების მცდელობად მიაჩნია.
გთხოვთ, გაეცნოთ თეატრში შექმნილ ვითარებას და მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება, დაიცავით ჩვენი უფლებები.
არსებობს საფრთხე, რომ დაშინებისა და ზეწოლის მსგავს ფაქტებს ადგილი ექნება სხვა თანამშრომლების მიმართაც. როგორც თავად კინწურაშვილი აცხადებს, რომ სისტემატიურ შეხვედრებს გამართავს თეატრის სხვა თანამშრომლებთანაც. ჩვენ რასაკვირველია ვერ ავუკრძალავთ მას ამ შეხვედრებს, მაგრამ მის მიერ არჩეული დაბარებებისა და პროტოკოლის თანხლებით დაკითხვის ეს ფორმა და თანამშრომლებთან ამგვარი ურთიერთობა აღიქმება როგორც პირდაპირი დაშინება და შანტაჟი.
იგი მხოლოდ იმ თანამშრომლებზე ახორციელებს ზეწოლას, რომლებიც არ თანხმებიან მისი მმართველობის ფორმებს, მის მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციებს და ამაზე ყველასთან ღიად აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას და საუბრობენ თეატრში შექმნილი მდგომარეობის გამოსავლის მოსაძებნად.გარდა ამისა, დავით კინწურაშვილი გვაიძულებს, მიესთვის სასურველი ინფორმაციის გავრცელებას."- ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას თან ახლავს შეხვედრის აუდიოჩანაწერი, რომელიც მას შემდეგ განხორციელდა, რაც შეხვედრაზე კინწურაშვილმა თავად გამოთქვა საუბრის ჩაწერის სურვილი.