24 სექტემბრიდან, საქართველოს კინოთეატრებში მაყურებელს საერთაშორისო კინოფესტივალის "Karlovy Vary"-ს გამარჯვებული და საქართველოდან ოსკარის კონკურსზე წარდგენილი გიორგი ოვაშვილის ფილმის "სიმინდის კუნძული" ნახვა შეეძლება.
საქართველოს 2014 წლის ოფიციალური ნომინანტი ოსკარზე „სიმინდის კუნძული" გახდა. გიორგი ოვაშვილის ნამუშევრის გარდა ამერიკის კინო-აკადემიის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე საქართველოდან წარსადგენად ლევან კოღუაშვილის "შემთხვევითი პაემნები", მარიკა ქაცარავას "ზღვარზე" და თინათინ ყაჯრიშვილის "პატარძლები" იბრძოდნენ. სპეციალურმა კომისიამ არჩევანი "სიმინდის კუნძულზე" შეაჩერა. ფილმი 2015 წლის ამერიკის კინო-აკადემიის დაჯილდოებაზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში ოსკარის ნომინაციის მოპოვებას შეეცდება.
„სიმინდის კუნძული" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, კარლოვი ვარის საერთაშორისო კინო-ფესტივალის 2014 წლის გრან პრის - ბროლის გლობუსის მფლობელია. საერთაშორისო აღიარება ფილმმა სწორედ ამ ფესტივალზე მოიპოვა, ქართველ მაყურებელს კი, საქართველოს კინო-ეკრანებზე მისი ნახვის შესაძლებლობა 24 სექტემბრიდან მიეცემა.
გიორგი ოვაშვილის ფსიქოლოგიური დრამა აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებზე, ადამიანისა და ბუნების ბრძოლაზე, ჩაკეტილი სივრცის გარღვევის სურვილსა და სიყვარულის ისტორიაზე მოგვითხრობს. ფილმში მთავარ როლებს ცნობილი თურქი მსახიობი - ილიას სალმანი და არაპრფესიონალი დამწყები მსახიობი - მარიამ ბუთურიშვილი ასრულებენ.
გიორგი ოვაშვილის 100 წუთიანი დრამა ხელოვნურად შექმნილ კუნძულზეა გადაღებული. რეჟისორი გადაღებებისთვის დიდხანს ეძებდა შესაფერის ადგილს. მდინარე ენგურზე მუშაობა დეფაქტო სასაზღვრო ზოლის სიახლოვის გამო შეუძლებელი აღმოჩნდა, ამიტომ ხელოვნური კუნძული ისტორიის გასაცოცხლებლად, ტყიბულის წყალსაცავზე აშენდა. კუნძულის აგება განსაკუთრებულ ტექნიკურ სირთულეებს უკავშირდებოდა.
„სიმინდის კუნძულის" ბიუჯეტმა 1,5 მილიონი ევრო შეადგინა. პროექტმა თავიდანვე დააინტერესა საერთაშორისო ორგანიზაციები და ევროპის საბჭოს კინოს განვითარების ფონდის - ევრიმაჟის დაფინანსებაც მოიპოვა. შესაბამისად, ქართულ მხარესთან, კონკრეტულად კი ეროვნულ კინო-ცენტრთან ერთად, ფილმის დაფინანსება საკუთარ თავზე რამდენიმე ქვეყანამ აიღო. საბოლოო ჯამში, ფილმი 6 ქვეყნის (საქართველო, გერმანია, საფრანგეთი, ჩეხეთი, ყაზახეთი, უნგრეთი) კო-პროდუქციაა.
ფილმმა მსოფლიოს ავტორიტეტული გამოცემებისგან და კინო კრიტიკოსებისგან საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა. როგორც Screen International-ი წერს, ხელოვნურად შექმნილი კუნძული იმდენად ავთენტურად ერწყმის გარემოს, რომ მის ბუნებრიობაში ეჭვის შეტანა ძნელია. ამას თან ერთვის ვეტერანი უნგრელი ოპერატორის, ელემერ რაგალის მიერ გადაღებული განსაცვიფრებელი პეიზაჟები და ქართველი კომპოზიტორის, იოსებ ბარდანაშვილის ჯადოსნური მუსიკა, რომელიც, თითქოს მდინარის სიღრმიდან და ტყის ჩრდილებიდან გვეხმიანება. ამჟამად „სიმინდის კუნძული" მსოფლიოს 30-მდე საერთაშორისო კინოფესტივალზეა მიწვეული.
სინოფსისი:
მოქმედება მდინარე ენგურზე, გაზაფხულის წვიმების შედეგად წარმოქმნილ პატარა კუნძულზე ვითარდება. ორი უცნაური ფერმერი - მოხუცი ბაბუა და მოზარდი შვილიშვილი კონფლიქტის ზონაში მეურნეობას მისდევს, სიმინდი მოჰყავს. აფხაზ ბაბუა-შვილიშვილთან კუნძულზე დაჭრილი ქართველი ჯარისკაცი მოხვდება, რის შემდეგაც გმირების ყოფითი საქმიანობა და ყოველდღიური ერთფეროვნება მთლიანად იცვლება.
რეჟისორი: გიორგი ოვაშვილი
სცენარის ავტორები: ნუგზარ შატაიძე (საქართველო), გიორგი ოვაშვილი (საქართველო), რუდოლფ იან მინებო (ჰოლანდია),
პროდიუსერები: ნინო დევდარიანი (საქართველო), აიკე გორეჩკა (გერმანია), გიიომ დესეი (საფრანგეთი), კარლა სტოიაკოვა (ჩეხეთი), საინ გაბდულინი (ყაზახეთი).
მონაწილეობენ: ილიას სალმანი (თურქეთი); მარიამ ბუთურიშვილი (საქართველო), ირაკლი სამუშია (საქართველო); ტამერ ლევენტი (თურქეთი).
დამდგმელი ოპერატორი: ელემერ რაგალი (უნგრეთი)
კომპოზიტორი: იოსებ ბარდანაშვილი.
ფინანსური მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, ცენტრალური გერმანიის კინო ფონდის, ევროკავშირის კინოს განვითარების ფონდის-ევრიმაჟის, ჩეხეთის რესპუბლიკის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ცენტრის, Fond Sud Cinema, CNC, Institut Francais, Visions Sud Est, Media Programme of the European Union, აჭარის ავტორნომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, Stadtwerke Halle-ის ფინანსური მხარდაჭერითა და აგრეთვე, bm, Asian Project Market, Kodak, Barrandov Studio, ARRI. Rental, The Global Film Initiative-ის მხარდაჭერით.