23 სექტემბერს, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში-MoMA საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ფილმების მასშტაბური რეტროსპექტივა გახსნა. ღონისძიებას დაესწრო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ქართველი რეჟისორები, მოწვეული სტუმრები.
რეტროსპექტივაზე წარმოდგენილია 45-მდე ქართული ფილმი - როგორც საუკუნოვანი ქართული უხმო კინო და საბჭოთა პერიოდის კინოკლასიკა, ისე ახალი ქართული ფილმები.
„საუკუნის პროექტზე" მუშაობა თითქმის 25 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქართული ფილმების მსგავსი მასშტაბური რეტროსპექტივა მხოლოდ მე-20 საუკუნის 80-იან წლებში პარიზში, პომპიდუს ცენტრში გაიმართა.
ნიუ-იორკისა და ბერკლის შემდეგ, 50-მდე ქართული ფილმის ჩვენება ვაშინგტონსა და ტორონტოს სინემათეკშიც შედგება.
ქართული კინოს დღეების ორგანიზატორები არიან - ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი MoMA, ბერკლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და წყნარი ოკეანის კინოარქივი .
რეტროსპექტივის მხარდამჭერები საქართველოდან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; საქართველოს გენერალური საკონსულო ნიუ-იორკში; საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ეროვნული არქივი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო