რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ მხარი დაუჭირა „როსტურიზმის" წინადადებას აეკრძალოს ავიაკომპანიებს იმ რუსი ტურისტების გადაყვანა, რომლებსაც უკანა გზის ბილეთი არ აქვთ. განცხადება ამის შესახებ „როსტურიზმის" თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ოლეგ საფონოვმა გააკეთა.
„ჩვენი პოზიციაა, რომ ტურისტს, რომელიც საზღვარგარეთ მიემგზავრება ორი ბილეთი ჰქონდეს -წასასვლელი და უკან დასაბრუნებელი. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ტრანსპორტის სამინისტროსა და ავიაკომპანიებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. მეტიც, ამ საკითხზე მთავრობის დადგენილების პროექტიც კია შემუშავებული",_ განაცხადა საფონოვმა და აღნიშნა, რომ ტრანსპორტის სამინისტროში ამ იდეას ჯანსაღი იდეა უწოდეს.
უკანა გზის ბილეთის გარეშე ტურისტების გადაყვანაზე უარის თქმის იდეა მას შემდეგ გაჩნდა. როდესაც რიგმა რუსულმა ტურისტულმა კომპანიამ თავისი გაკოტრების შესახებ განცხადება გააკეთა. შედეგად რუსეთის ათასობით მოქალაქე სახლში ვერ დაბრუნდა და მათ ევაკუაციის ლოდინი მოუხდათ.
მასალის გამოყენების პირობები