20 სექტემბერს, 20:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გახსნას დაესწრება. ფესტივალი რუსთაველის თეატრის სცენაზე სპექტაკლით „მოხეტიალეთა სიმღერები" გაიხსნება.
ანსამბლ „რუსთავის" ცოცხალი შესრულების თანხლებით „მოხეტიალეთა სიმღერები" აღწერს მომლოცველთა შთამბეჭდავ მოგზაურობას. სპექტაკლი გამორჩეულად „აზიურია", თუმცა იგი ცდება აზიის საზღვრებს. სპექტაკლში გამოყენებულია 3.5 ტონა ოქროსფერი მოციმციმე ბრინჯის მარცვალი და მიმდინარეობს ქართული ხალხური სიმღერის ფონზე. წარმოდგენას საფუძვლად უდევს აზიურ ქვეყნებში არსებული რელიგიური ღვთისმსახურების მდიდარი პრაქტიკა, აგრეთვე ჰერმან ჰესეს ნაწარმოები - „სიდჰარტჰა".
2011 წლიდან სპექტაკლი, ანსამბლ „რუსთავის" ცოცხალი შესრულების თანხლებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იქნა წარმოდგენილი.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, შემოდგომის თბილისის ერთ-ერთი მთავარი კულტურული მოვლენაა. 2014 წელს ფესტივალს მნიშვნელოვანი ახალი გამოწვევა აქვს, "GEORGIAN SHOWCASE + NEW MARKET" - წელს ქართული სპექტაკლების პროგრამას შავი ზღვისა და კავკასიის თეატრალური დასები დაემატება - 52 სპექტაკლითა და 54 საერთაშორისო სტუმრით.
5 წლის განმავლობაში საერთაშორისო პროგრამამ უმასპინძლა 77 კომპანიას სხვადასხვა ქვეყნიდან და 160 სპექტაკლს, როგორც თბილისიდან ასევე რეგიონებიდან. ქართული სპექტაკლების პროგრამას 250 საერთაშორისო სტუმარი დაესწრო